შვეიცარიელმა ლეგენდამ, როჯერ ფედერერმა გამოსვლა დაიწყო 2019 წლის ბალახის სეზონზე. მან ჰალეს ტურნირის პირველ წრეში ორ სეტში დაამარცხა ავსტრალიელი ჯონ მილმენი – 7:6(7:1), 6:3. ფედერერმა რევანში აუღო მეტოქეს შარშან, აშშ-ის ღია პირველობაზე დამარცხების გამო.
პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე. მეტოქეები ახლოსაც არ ყოფილან ბრეიკთან და ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს. მე-13 გეიმში მილმენმა პირველი ქულა აიღო, რის შემდეგაც ზედიზედ შვიდი გათამაშება და მასთან ერთად სეტი დათმო.
მეორე სეტის პირველ ნახევარშიც ჩოგბურთელები ძალიან იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. ნავსი გატეხა ფედერერმა, რომელმაც მეექვსე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მეორე ცდაზე აიღო მეტოქის მოწოდება. მილმენს ჰქონდა მეცხრე გეიმში უკუბრეიკის შანსი, მაგრამ მატჩში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.
მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ფედერერი-ცონგა
გასკე-ბაუტისტა აგუტი
ჩორიჩი-სოუზა
სტახოვსკი-ერბერი
ბერეტინი-სეპი
შტრუფი-ხაჩანოვი
გოფენი-ალბოტი
ჯონსონი-ა. ზვერევი