მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა 2018 წლის სეზონში თავისი გამოსვლების კალენდარზე ისაუბრა.
„სავარაუდოდ, გამოვტოვებ გრუნტის სეზონის სტარტს, უფრო ზუსტად, მონტე კარლოს „მასტერსს“. ამ დროისთვის, დაგეგმილი მაქვს მგზავრობა საქველმოქმედო ფონდიდან. რაც შეეხება გრუნტის სეზონის დარჩენილ ნაწილს, გადაწყვეტილებას მაიამის “მასტერსის” შემდეგ მივიღებ”, – განუცხადა ინდიან უელსში ჟურნალისტებს შვეიცარიელმა.
შეგახსენებთ, რომ შარშან, ფედერერმა სრულად გამოტოვა გრუნტის სეზონი და ბოლო ორი წელია არ უთამაშია როლან გაროსზე.
ამ კვირას, როჯერი ტიტულს იცავს ინდიან უელსის “მასტერსზე”. მეორე წრეში მან 6:2, 6:1 გაანადგურა სერბი ფილიპ კრაინოვიჩი. ფედერერმა პირველი მოწოდებით ქულების 89 პროცენტი მოიგო, მისმა მეტოქემ კი 93 გათამაშებული ქულიდან მხოლოდ 31 აიღო. შვეიცარიელი მერვედფინალში გავიდა და ფრანგ ჟერემი შარდის შეხვდება.