მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი არ ითამაშებს 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამის შესახებ სააგენტო AP-მა დაწერა შვეიცარიელი ჩოგბურთელის აგენტზე ტონი გოდსიკზე დაყრდნობით.
„როჯერმა გადაწყვიტა გამოტოვოს 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობა. ბოლო ორი თვის განმავლობაში მან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მუხლის აღდგენისა და ფიზაკური ფორმის დაბრუნების მხრივ. მაგრამ, თავის გუნდთან კონსულტაციის შემდეგ, როჯერმა გადაწყვიტა, რომ შორეულ პერსპექტივაში მისთვის უკეთესი იქნება ტურში დაბრუნება ავსტრალიის ღიას შემდეგ“, – წერია განცხადებაში.
ფედერერმა მუხლზე პირველი ოპერაცია 2020 წლის თებერვალში გადაიტანა, ივნისის დასაწყისში კი მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ოქტომბერში იტყობინებოდნენ, რომ როჯერი ითამაშებდა ავსტრალიის ღიაზე.
2021 წელს „დიდი სლემის“ პირველი ტურნირი 8-21 თებერვალს გაიმართება.