„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ 2020 წელს გრუნტის სეზონში თამაშს გეგმავს.
„მე ვითამაშებ გრუნტზე, როგორც ეს 2019 წელს მოხდა. თუმცა, ყველა ტურნირზე არ ვიქნები. მე დამჭირდება დრო აღდგენისთვის და ვარჯიშებისთვის საფრანგეთის ღია პირველობის, უიმბლდონის, ოლიმპიადისა და აშშ-ის ღია პირველობის წინ. მოუთმენლად ველოდები ამ პერიოდს. იმედია, ტრავმებს თავიდან ავიცილებ, როგორც ეს წელს მოვახერხე. ჩემთვის სასიამოვნო იყო სრული სეზონის ჩატარება, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ხოლო, როცა ყველაფერი კარგადაა, თამაშიც კარგად გამოგდის“, – მოჰყავს 38 წლის ფედერერის სიტყვები გამოცემა Forbes-ს.
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა 2019 წელს მოიგო ტურნირები დუბაიში, მაიამიში, ჰალესა და ბაზელში. ფედერერმა სეზონი მესამე ჩოგანის რანგში დაასრულა.