ფარმაცევტულმა კომპანიებმა Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის წარმოებული Valsartan-ის შემცველი პროდუქტის რეალიზაცია უნდა შეწყვიტონ
ფარმაცევტულმა კომპანიებმა Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის წარმოებული Valsartan-ის შემცველი პროდუქტის რეალიზაცია უნდა შეწყვიტონ

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართა, შეწყვიტონ კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული Valsartan- ის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, – ამის შესახებ აღნიშნულია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სააგენტოს მიერ, რეგისტრაციის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე, დროებით შეჩერდა ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია, რომელთა დოსიეს მონაცემებით, Valsartan-ის მწარმოებლად ფიქსირდება კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals.

ამასთან, როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია შეჩერდა ვიდრე აღნიშნულ საკითხზე ევროპის სამკურნალო საშუალებების სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან დაინტერესებული პირები სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის ცვლილებას არ დაარეგისტრირებენ.

„რაც შეეხება პრეპარატით გამოწვეულ რისკებს, ევროპის მედიკამენტების სააგენტო აგრძელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური ზეგავლენის შესწავლას, რომელიც, შესაძლოა, ახლდეს ჩინური კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული „ვალსარტანის“ შემცველი მედიკამენტების გამოყენებას. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობისათვის მყისიერი რისკი არ არსებობს.

ჩინური კომპანია – Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებულ ,,ვალსარტანში“ უკვე დადგენილია მინარევის რაოდენობა ( 60 ნაწილი 1 მილიონ ნაწილზე). აღნიშნული რაოდენობა პოტენციურად გამოიწვევს სიმსივნური დაავადების გამოვლენის სიხშირის მატებას ერთი შემთხვევით, ყოველ 5000 პაციენტში. ესეც იმ პირობით, თუ აღნიშნული 5000 პაციენტი იღებს ჩინური კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული აქტიური სუბსტანციის “ვალსარტანის“ მედიკამენტს ყოველდღიურად, უმაღლესი დოზით, უწყვეტ რეჟიმში – 7 წლის განმავლობაში.

ევროპის კომპეტენტური ორგანოს განცხადებით, ვინაიდან არ არსებობს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მყისიერი რისკი, პაციენტებმა არ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და მიმართონ ექიმს მედიკამენტის ჩასანაცვლებლად, ბაზარზე არსებული ალტერნატიული ფარმაცევტული პროდუქტით“, – აღნიშნულია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.