სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა
სალომე ზურაბიშვილი - უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა

უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამ „გაართულა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის“.

„ეს არ ყოფილა ფრთხილად გააზრებული გადაწყვეტილება, ის მიიღეს კონსულტაციების გარეშე, გაფრთხილების გარეშე, უბრალო შეტყობინების გარეშეც კი. მიუხედავად ამისა, საქართველოს არ სურს სიტუაციის გართულება, რადგან საქართველოს და უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აკავშირებთ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებამ, უკრაინის ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციების მიზნით თბილისში გამოიძახა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი, შეკითხვებს იწვევს.