ფაბიო კაპელო - „ნაპოლის“ მომდევნო სეზონში წარმატების გამეორება გაუჭირდება #1TVSPORT
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ Radio Goal-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ წარმატებულ სეზონზე და გუნდის მომავალზე ისაუბრა – „მილანის“, „რეალის“, „რომასა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ვიქტორ ოსიმენის „მილანში“ გადასვლა ისურვა და არ დამალა, რომ მომავალ სეზონში „ნაპოლის“ წარმატების არ სჯერა.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუჩანო სპალეტი კარგად იმუშავებდა და ეს შედეგი ლოგიკურია. რაც შეეხება ჯუნტოლის, მას კარგად ეხერხება ფეხბურთელების შერჩევა და, ვფიქრობ, მისი შესაძლო წასვლა „ნაპოლისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება“, – ამბობს კაპელო.
„ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვებას დღემდე ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით კაპელომ აღნიშნა, რომ მსგავსი დამოკიდებულებით გუნდს წარმატების გამეორება გაუჭირდება, მით უფრო, თუ ისინი ზეიმს კიდევ დიდი ხანი გააგრძელებენ – ამით ცნობილმა მწვრთნელმა ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ სერია A-ში გუნდის წარუმატებელ თამაშებზე მიანიშნა:
„ნეაპოლში წარმატების გამეორება ძალიან რთულია, მით უმეტეს, თუ გუნდი გააგრძელებს გართობას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. „ნაპოლისა“ და „რომას“ უჭირთ წარმატების შემდეგ ჩემპიონობისთვის ისეთივე ბრძოლა, როგორც ამას „მილანი“ ან „იუვენტუსი“ ახერხებენ“.
ამავე დროს ცნობლმა სპეციალისტმა უპასუხა კითხვას, რომელიმე გუნდში რომ მუშაობდეს, „ნაპოლიდან“ ვის დაიმატებდა: „მხოლოდ ერთი ფეხბურთელის წაყვანა რომ შემეძლოს, ოსიმენს დავასახელებდი, მით უმეტეს, „მილანის“ მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი“, – განაცხადა ფაბიო კაპელომ.