ევროვიზიისთვის ნორვეგიის შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულს ცხრა ევროპულ ქვეყანასთან ერთად საქართველოც ირჩევს
ევროვიზიისთვის ნორვეგიის შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულს ცხრა ევროპულ ქვეყანასთან ერთად საქართველოც აირჩევს. „მელოდი გრანდ პრიქსის“ ჟიური საქართველოდან ჯგუფ „ელდრაინის“ სოლისტი და საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის 2011 წლის კონკურსზე, სოფო ტოროშელიძე იქნება. ის შეაფასებს ფინალისტებს და ევროპელ მაყურებელს საქართველოს სახელით ქულებს გააცნობს.
ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსისთვის ნორვეგია საკუთარ წარმომადგენელს დღეს ირჩევს.
ევროვიზიის საგზურისთვის ფინალურ ტურში ათი კონკურსანტი იბრძოლებს, რომელთაგან მხოლოდ ერთს მიეცემა შანსი, წარადგინოს ნორვეგია ევროფესტივალზე.
ხმის მიცემის პირველ რაუნდში გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურისა და მაყურებლის მიერ გადანაწილებული ქულებით გამოვლინდებიან. საქართველოსთან ერთად საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში ესპანეთი, იტალია, ისრაელი, შვეიცარია, პორტუგალია, უნგრეთი, ირლანდია, დანია და მაკედონია არიან.
ნორვეგიის შიდაშესარჩევი კონკურსი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ფინალური შოუს ყურება ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზეა შესაძლებელი.