ევროვიზიაზე თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი იმუშავებს

19:53, 02.03.2020

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი ​იმუშავებს.

სინდქვისტი ცნობილი რეჟისორი და ქორეოგრაფია. ის ასევე არის შვედეთში ყველაზე პრესტიჟული კონკურსებისა და ფესტივალების ორგანიზატორი, არაერთი მუსიკალური ტურნეს სცენოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

სინდქვისტმა იმუშავა შვედურ Pop Idol-ზე, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსსა და Melodifestivalen-ზე. იგი გახლავთ წლევანდელი შვედური გრემის რეჟისორი.

ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. სწორედ საშა ჟან ბაპტისტმა იმუშავა ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ნინა სუბლატის, თამარა გაჩეჩილაძისა და ნიკა კოჩაროვის&Young Georgian Lolitaz-ის სასცენო სცენოგრაფიებზე. აღნიშნული ჯგუფი მუშაობდა ისეთი ცნობილი მომღერლების მუსიკალური ტურნეების ქორეოგრაფიაზე, როგორებიც არიან: ზარა ლარსონი, ერიკ საადე, ალკაზარი და სხვა.

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელ თორნიკე ყიფიანის სიმღერის Take me as i am თიზერი დღეს გავრცელდა. სიმღერისა და ვიდეოს პრეზენტაცია 3 მარტს „ახალი დღის“ ეთერში შედგება.

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.

მსგავსი