ევრობასკეტი 1997 | კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი - თვითმფრინავის ბილეთის ფულს გამგზავრების წინა ღამით ვკრებდით [ვიდეო]  #1TVSPORT
ევრობასკეტი 1997 | კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი - თვითმფრინავის ბილეთის ფულს გამგზავრების წინა ღამით ვკრებდით [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს ითამაშა, თუმცა ევროფორუმზე მოხვედრის კარგი შანსი 1997 წელს ჰქონდა. „ჯვაროსნებმა“ საკვალიფიკაციო ეტაპი ბირმინგემში დაძლიეს, შესარჩევზე კი ჯგუფში საბერძნეთთან, ბელარუსთან, ბოსნიასთან, ისრაელთან და სლოვაკეთთან მოხვდნენ.

ნაკრების მწვრთნელებს, ბესიკ ლიპარტელიანსა და ნოდარ ქორქიას რთულ პირობებში უხდებოდათ მუშაობა – გუნდი ოფიციალურ მატჩების წინ შეკრებას ვერ ახერხებდა. ამის მიუხედავად ნაკრები ევრობასკეტი 1997-ს ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა.

 

სტარტი

შესარჩევი ეტაპი სლოვაკეთში დაიწყო:

სლოვეკებს ერთი კალათბურთელი ჰყავდათ, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მატჩის მსვლელობისას ნაბახუსევზე იყო. მისგან საფრთხეს ნამდვილად არ მოველოდით, მაგრამ ვიდრე ჩვენი ნაკრები გონს მოვიდა, 3 სამქულიანი სწორედ მან ჩაგვიგდო. საბოლოოდ 10-დან 7 სამიანი გამოიყენა“, – იხსენებს ნოდარ ქორქია.

ეს კალათბურთელი ლუბომირ უნაკი იყო, რომელმაც 35 წუთში 26 ქულა ჩააგდო. გაცილებით ეფექტური მონაგარი ჰქონდა ვლადიმერ სტეფანიას: 20 წუთში 29 ქულა, 15 მოხსნა.

 

 

დღე-სასწაული

90-იანი წლების საფეხბურთო ნაკრები ყველაზე მეტად ბულგარელთა ძლევით (2:1) ამაყობს, კალათბურთელები – ბოსნია-ჰერცეგოვინის დამარცხებით (77:66). სიმბოლურია, რომ ეს ორი მატჩი თბილისში ერთ დღეს გაიმართა – 1995 წლის 11 ოქტომბერს. მეორე დღეს გაზეთი „სარბიელი“ ასეთი სათაურით გამოვიდა: „11 ოქტომბერი – გამარჯვების დღე-სასწაული“.

მატჩის მსვლელობისას ვლადიმერ სტეფანია იმდენად ეფექტურად გამოიყურებოდა, რომ კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა თამამი შედარება გააკეთა: დაცვაში სტეფანია იგივეა, რაც პელე ბრაზილიის ნაკრებშიო

საქართველოს ნაკრების მატჩები ევრობასკეტი 1997-ის შესარჩევ ეტაპზე:

 

 

მივფრინავთ თუ არა?

ბოსნიასთან მოგებას სამი მარცხი მოჰყვა – ისრაელთან თბილისში (84:89), ბელარუსსა (72:102) და საბერძნეთში (66:100). წარუმატებლობის მიზეზზე მთავარი მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი მოგვითხრობს:

„არანაირი ხელშეწყობა არ გვქონდა. საკალათბურთო დარბაზში ძალიან ციოდა და გუნდი „ლაგუნა ვერეზე“ დამყავდა სავარჯიშოდ. მოთამაშეების ერთ სასტუმროში დაბინავება ვერ ხერხდებოდა და ამიტომ საწვრთნელ ვარჯიშებზე ისინი სახლებიდან მოდიოდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ვერ ვახერხებდით სპარინგ-მატჩების გამართვას და ტაქტიკის სრულყოფა უშუალოდ შესარჩევი ტურნირის შეხვედრების დროს გვიწევდა. ყველაზე რთული კი ის იყო, რომ უშუალოდ მატჩების წინა დღისით ვგებულობდით მოხერხდებოდა თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში გამგზავრება: კალათბურთელები რომ მეკითხებოდნენ, ხვალ მივფრინავთ თუ არაო, პასუხის გაცემა მიჭირდა, რადგან იყო შემთხვევები, როცა ბილეთის საყიდელ ფულს გამგზავრების წინა ღამით ვკრებდით“.

 

საკალათბურთო ომი ბერლინში

90-იან წლების ბოსნია-ჰერცეგოვინა საქართველოს ძალიან ჰგავდა: ორივეგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ამიტომ 1996 წლის 27 ნოემბერს  ბოსნიაში გასამართი მატჩი ფიბა-მ გერმანიის ქალაქ ბერლინში გადაიტანა.

ბოსნიელთა ძლევის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გაუსწორებდა თვალს ევროპის ჩემპიონატს. სიტუაციაში უკეთესად გაგვარკვევს საქართველოს ნაკრების მაშინდელი გამთამაშებელი დავით უსტიაშვილი:

„გერმანიაში ბოსნიის ძლევის შემთხვევაში რეალური იყო სატურნირო ცხრილის ზედა სამეულში შესვლა, რაც ევრობასკეტზე მოხვედრას ნიშნავდა. თავის მხრივ, ბოსნიელებსაც გაცნობიერებული ჰქონდათ მატჩის მნიშვნელობა და ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა. ბოლო წუთებამდე სხვაობა 6 ქულას არ ჩამოსცილებია. ვიცოდით, რომ ყველაფერი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო. სწორედ ამ დროს ბოსნიელმა მარკოვიჩმა მაღალი კლასი (ფრანგული „ლიმოჟის“ ლიდერი იყო) გამოამჟღავნა და 71:80 დავმარცხდით.

მარკოვიჩმა 34 ქულა ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების მატჩები ევრობასკეტი 1997-ის შესაარჩევ ეტაპზე:

 

 

ბოტასი პატივისცემის ნიშნად

ასე და ამგვარად, ევრობასკეტზე ჩვენი პირველი ოცნება 1996 წლის 27 ნოემბერს ბერლინში დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ორი საშინაო მატჩით ჩაამთავრა. პირველში ბელარუსი დაამარცხა, მეორეში – საბერძნეთთან ბოლო წამებზე დათმო.

ამ შეხვედრების საინტერესო ეპიზოდებს ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი დავით თორთლაძე იხსენებს:

ბელარუსთან ბოლო იერიშის განხორციელების უფლება ჩვენ დაგვრჩა. ბურთი უნდა გაგვეთამაშებინა და უკანასკნელ წამზე გვესროლა, რათა მეტოქისთვის საპასუხო იერიშის განხორციელების შანსი არ მიგვეცა. სირენა ისე მოახლოვდა, რომ თავისუფალი პარტნიორი არ გამოჩნდა. ფარქვეშ შევედი და ბურთი კალათისკენ გავუშვი, თუმცა იგი რგოლზე დატრიალდა და იქვე მყოფმა ვაკო ბეჟანიშვილმა კალათში ჩააბრუნა – 80:78. გულშემატკივართან ერთად ძალიან გავიხარეთ“.

დათო საბერძნეთთან მატჩისას მომხდარ ინციდენტზეც მოგვითხრობს:

„საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ გეორგიოს სიგალასს დუდუ დადიანი მეურვეობდა. დუდუ მას ხისტად ეთამაშებოდა, გასაქანს არ აძლევდა. ერთ ეპიზოდში ბერძენმა ვეღარ მოითმინა და დადიანს ხელები გაუშალა, მათ ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა საქმე ჩხუბამდე არ მისულა – თანაგუნდელებმა შევაჩერეთ. ამ ამბავს გაგრძელება მატჩის შემდეგაც მოჰყვა… დუდუ დადიანი სასტუმროში ეწვია და ქართული ხანჯალი აჩუქა. საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ სიგალასმა თავის მეურვეს პატივისცემის ნიშნად ბოტასები გამოუგზავნა“.

გუნდი
საბერძნეთი 10 9 1 19
ბოსნია 10 7 3 17
ისრაელი 10 6 4 16
ბელარუსი 10 4 6 14
საქართველო 10 3 7 13
სლოვაკეთი 10 1 9 11
1997 წლის ევრობასკეტის შემდეგ საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო, შეიცვალა მწვრთნელიც და 2011 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.