ევროსაბჭოს თანამომხსენებლები - მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, იპოვონ გზა, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება მომავალ არჩევნებამდე იქნება შესაძლებელი
ევროსაბჭოს თანამომხსენებლები - მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, იპოვონ გზა, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება მომავალ არჩევნებამდე იქნება შესაძლებელი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) ღრმა მწუხარებას გამოხატავენ საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის აუცილებელი კონსტიტუციური შესწორების ჩაგდების გამო. ამის შესახებ თანამომხსენებლების განცხადებაშია ნათქვამი.

„ვწუხვართ ამ შესწორებისთვის მხარდაჭერის არარსებობის გამო. პროპორციული სისტემის დანერგვას ყველა დაინტერესებული მხარე ათ წელზე მეტია, მოითხოვდა. ყველა დაინტერესებული მხარის მიერ აშკარა კონსენსუსის გათვალისწინებით, ამ სისტემის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დანერგვის აუცილებლობის შესახებ შესწორების ჩაგდება გაუგებარია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია“, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანამომხსენებლები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას და განსაკუთრებით, მმართველ უმრავლესობას, იპოვონ გზა, რომლითაც ამ შესწორებების დამტკიცება მომავალ არჩევნებამდე შესაძლებელი იქნება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე უმრავლესობის რიგებს და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

 

დატოვე კომენტარი