„ევროპული საქართველოს“ წევრს თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს
„ევროპული საქართველოს“ წევრს თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს

„ევროპული საქართველოს“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა მენთეშაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ბიუროს კარზე ბოქლომის დასადებად მივიდა, თუმცა მას ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ლელა მენთეშაშვილის განცხადებით, ის თელავის საკრებულოს წევრია, შესაბამისად, შენობაში შესვლაზე პრობლემა არ შექმნია, თუმცა მისი თქმით, დეპუტატის ბიუროს კარს პოლიცია იცავს და ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს.

„ბოქლომის დადება სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მთავარია, ბოქლომის გასაღები გაბრაზებული და მოტყუებული ხალხის ხელშია და ეს ხალხი თავად გააღებს კარს, რომელსაც თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა და თავისუფლების მოპოვება ჰქვია. ხალხს ხელისუფლებამ წაართვა თავისუფალი, პროპორციული არჩევნების უფლება“, – აცხადებს მენთეშაშვილი.

მისი თქმით, დღის განმავლობაში დეპუტატის ბიუროს ოთახის კარზე ბოქლომის დადებას კიდევ შეეცდება.