„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის შვილი აცხადებს, რომ მისი გატაცების შესახებ ინფორმაცია არასწორი იყო და ბიძასთან იმყოფებოდა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის შვილი აცხადებს, რომ მისი გატაცების შესახებ ინფორმაცია არასწორი იყო და ბიძასთან იმყოფებოდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის შვილი, რომელზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს, თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა. ამის შესახებ 19 წლის ზაქრო ქუსრაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაქრო ქუსრაშვილი აცხადებს, დედას დაურეკა, რომელმაც მისი ზარი არასწორად გაიგო.

„ბიძაჩემთან ვიყავი ჩასული. დედაჩემს დავურეკე, მაგრამ სხვანაირად გაიგო“, – განაცხადა ზაქრო ქუსრაშვილმა.

თელავის პოლიციის სამმართველოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა პარტია „ევროპული საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრის ნინო გალახვარიძის და მისი 19 წლის შვილის, ზაქრო ქუსრაშვილის გამოკითხვა.

19 წლის ზაქრო ქუსრაშვილის გატაცების შესახებ ინფორმაცია პარტია „ევროპულმა საქართველომ“ და მისი ოჯახის წევრებმა გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაავრცელეს და ზაქრო ქუსრაშვილის გატაცებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაადანაშაულეს.

პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზაქრო ქუსრაშვლის მეზობლის, დავით კუპრაშვილის გამოკითხვა, რომელსაც ოჯახი ერთ-ერთ გამტაცებლად ასახელებდა.

ზაქრო ქუსრაშვილის დედამ, ნინო გალახვარიძემ, 26 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაიტაცეს. დედამ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.