„რუსთავი 2“-ის საკითხზე „ევროპული საქართველო“ კონსულტაციების გამართვას გეგმავს
„რუსთავი 2“-ის საკითხზე „ევროპული საქართველო“ კონსულტაციების გამართვას გეგმავს

„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა აჩვენეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ „რუსთავი 2“-ის საკითხზე საუბრისას განაცხადა

სერგი კაპანაძის თქმით, „ევროპულ საქართველო“ კონსულტაციებს გამართავს,  როგორც „რუსთავი 2“-თან, ისე სხვა პოლიტიკურ ძალებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

„ის ინფორმაცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისგან, არის საგანგაშო და ადასტურებს, რაც ისედაც ვიცით ბოლო წლების განმავლობაში. ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უნდათ, თავისუფალი მედია საქართველოში გააჩუმონ და აქ ხედავს ყველაზე დიდ პრობლემას. ამიტომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ვისაც გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული და წავიდეს წინ. აუცილებელია მოქმედებების კოორდინირება. ჩვენ გვექნება კონსულტაცია, როგორც „რუსთავი 2“-თან, ისე სხვა ძალებთანაც და მალე გადავწყვეტთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან ითხოვს ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს.

ნიკა გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, აწ განსვენებული გოგი გეგეშიძის მეუღლე. გვარამია აცხადებს, რომ გეგეშიძეს დაგროვილი ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში არხზე შესავალი მეტი იყო, ვიდრე არხიდან გასავალი.

„საგადასახადო შეთანხმებით გადასახადი 2010 წელს განულდა. განულდა 2012 წელსაც. აი, ამ ყოფილი დირექტორის სამართალმემკვიდრე მედავება მე, ნიკა გვარამიას გადასახადების გადაუხდელობას. იმ ნიკა გვარამიას, რომელსაც კომპანია დახვდა სავალალო მდგომარეობაში, რომელსაც კომპანიაში ბუღალტერიაც კი არ გადმობარდა. არც არსებობდა პრაქტიკულად ბუღალტერია გოგი გეგეშიძის დროს, არსებობდა შავი შენატანები და გასავლები კომპანიაში. 2012 წელს გაჩნდა ამ კომპანიაში რეალურად ბუღალტერია. 2012 წლის მეორე ნახევრიდან, 2013 წელს, მოდი, ასე ვთქვათ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.