ევროპულ თამაშებზე გამგზავრებამდე ქართველ სპორტსმენთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა #1TVSPORT
მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა გამგზავრებამდე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ევროპული თამაშები კონტინენტის მთავარი მულტისპორტული ღონისძიებაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. მესამე თამაშებს 21 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პოლონეთი უმასპინძლებს.
საქართველო მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტის 16 სახეობაში 99 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ტურნირზე მიემგზავრება საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები, რომელიც სამეულში მოხვედრის შემთხვევაში პირველი ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც სათამაშო სახეობაში ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი მოკრივე ლაშა გურულმა დადო. ევროპულ თამაშებზე ჩვენი დელეგაციის მედროშეები ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე და მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძე იქნებიან.
„მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებისა და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება. ამიტომაა ეს თამაშები მნიშვნელოვანი და ჩვენს სპორტსმენებს წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა.