ევროპის სამხრეთული ობსერვატორია (ESO) დაარსებიდან 60 წელს ნისლეულის შთამბეჭდავი ფოტოთი აღნიშნავს — #1tvმეცნიერება
ევროპის სამხრეთული ობსერვატორია (ESO) დაარსებიდან 60 წელს ნისლეულის შთამბეჭდავი ფოტოთი აღნიშნავს — #1tvმეცნიერება

1962 წლის 5 ოქტომბერს, ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) შექმნის თაობაზე. ახლა, 60 წლის შემდეგ, ორგანიზაციაში 16 წევრი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია და აერთიანებს მეცნიერებსა და ინჟინრებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ჩილეში ქმნიან და ამუშავებენ მოწინავე მიწისპირა ტელესკოპებს. მათ ანგარიშზე მრავალი ამაღელვებელი ასტრონომიული აღმოჩენაა.

60 წლისთავის აღსანიშნავად, ESO კონუსის ნისლეულის ახალ, გამორჩეულ სურათს აქვეყნებს. ფოტო 2022 წლის დასაწყისში ESO-ს ერთ-ერთმა ტელესკოპმა გადაიღო.

სურათზე ასახულია კონუსის ნისლეულის შვიდი სინათლის წლის სიგრძის სვეტის ცენტრალური ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უფრო დიდ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონს, სახელად NGC 2264-ს მიეკუთვნება. პირველად ის ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა მე-18 საუკუნეში. ეს რქის ფორმის ნისლეული ცაზე მარტორქის თანავარსკვლავედის მიმართულებით მოჩანს.

კონუსის ნისლეული

კონუსის ნისლეული ჩვენგან დაახლოებით 2500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ობიექტია. თუმცა, ეს ხედი წინა კადრებზე გაცილებით დრამატულია, რადგან ასახავს ნისლეულის ბნელ და გაუმჭვირვალე ღრუბლებს ისე, რომ ის თითქოს მითოლოგიურ არსებას წააგავს.

კონუსის ნისლეული სვეტის მსგავსი ფორმების უბადლო მაგალითია, რომლებიც ახალ ვარსკვლავთა ინკუბატორებში — გაზისა და მტვრის ცივ მოლეკულურ ღრუბლებში წარმოიქმნება. ამ ტიპის სვეტი მაშინ ჩნდება, როდესაც მასიური, ახლად დაბადებული კაშკაშა ცისფერი ვარსკვლავები ვარსკვლავურ ქარებს და ძლიერ ულტრაიისფერ რადიაციას გამოყოფენ; შედეგად, ახლომდებარე მატერია გარე მიმართულებით გადაიტყორცნება. ამ მატერიის გადაწევისას, ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან მოშორებით, გაზი და მტვერი მკვრივ, ბნელ, კუდის მსგავს ფორმებში იკუმშება. სწორედ ამ პროცესთა შედეგად წარმოიქმნა კონუსის ნისლეული, NGC 2264-ის კაშკაშა ვარსკვლავებისგან მოშორებით.

ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი NGC 2264

ეს ფოტო ESO-ს ჩილეში განთავსებული ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) ინსტრუმენტ FORS2-ით არის გადაღებული; წყალბადი ცისფრად მოჩანს, გოგირდის აირი კი წითლად.

აღნიშნული სურათი მხოლოდ ერთ-ერთია ESO-ს ტელესკოპების მიერ გასული 60 წლის განმავლობაში გადაღებულ მრავალ შთამბეჭდავ, შთამაგონებელ ფოტოს შორის. მათ შორის, ამ ტელესკოპებმა მსოფლიოში პირველად გადაიღეს ეგზოპლანეტის ფოტო, შეისწავლეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი და მიაგნეს იმის მტკიცებულებას, რომ სამყაროს გაფართოება აჩქარებადია.

მომზადებულია eso.org-ის მიხედვით.