კრისტიან ურსე - ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა პარტნიორთან, საქართველოში საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად
კრისტიან ურსე - ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა პარტნიორთან, საქართველოში საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე მტკიცედ დაუჭირეს მხარი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას მომდევნო არჩევნებზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებაშია საუბარი, რომელიც საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემას შეეხება.

„ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ყველა პარტნიორთან, საქართველოში საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად. ამასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე მტკიცედ დაუჭირეს მხარი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას მომდევნო არჩევნებზე, რაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა. ამ ინიციატივის ძალაში შესასვლელად საჭიროა ყველა საპარლამენტო აქტორის ჩართულობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სათანადო უმრავლესობამ მიიღოს.

ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას იმისათვის, რომ გამართონ დისკუსიები და მოლაპარაკებები ყველა ტექნიკურ ასპექტზე, რაც აღნიშნულ ცვლილებებს მოჰყვება, საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო/ოდირი-ს (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო ანგარიშების დასკვნების გათვალისწინებით. ეს საქართველოში პლურალიზმისა და დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა განცხადება გაავრცელა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) მიესალმებიან მმართველი უმრავლესობის ინიციატივას, საქართველოში 2020 წლისთვის, ნულპროცენტიანი ზღვარით პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.