ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები მოუწოდებენ დაინტერესებულ მხარეებს, სრულად დაუჭირონ მხარი საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილებებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები მოუწოდებენ დაინტერესებულ მხარეებს, სრულად დაუჭირონ მხარი საქართველოში საარჩევნო სისტემის ცვლილებებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) მიესალმებიან მმართველი უმრავლესობის ინიციატივას, საქართველოში 2020 წლისთვის, ნულპროცენტიანი ზღვარით პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის წარდგენა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, ასამბლეის დიდი ხნის რეკომენდაციაა, ამიტომაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავდროულად თანამომხსენებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამისთვის საჭიროა საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების ცვლილება, რომელიც ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე სავარაუდოდ არ განხორციელდება.

„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, სრულად დაუჭირონ მხარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებს. ჩვენ ვიხილეთ, რომ სრულად პროპორციული სისტემის დანერგვა ხშირად გამხდარა მსხვერპლი მმართველ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის რეალური თანამშრომლობის არ არსებობის გამო. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისტორია აღარ განმეორდება ამ შემთხვევაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანამომხსენებლები შემდგომი ანგარიშის მოსამზადებლად საქართველოში ვიზიტს სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავენ.