ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - საქართველომ საინტერესო პრიორიტეტები განსაზღვრა, მივესალმები ჩვენს მომავალ თანამშრომლობას
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - საქართველომ საინტერესო პრიორიტეტები განსაზღვრა, მივესალმები ჩვენს მომავალ თანამშრომლობას

მივესალმები საქართველოს მთავრობასა და ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა სტრასბურგში, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა იქნება დამყარებული ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს არჩეული ეს პრიორიტეტები. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მივესალმები საქართველოს ამ არჩევანს. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა ჩართულობა იქნება გაუმჯობესებული საქართველოს თავმჯდომარეობის დროს. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. მნიშვნელოვანია განათლების როლი ახალგაზრდების მიმართულებით და ამ მხრივ, მოქალაქეთა ჩართულობა“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

მისი შეფასებით, საქართველომ საინტერესო პრიორიტეტები განსაზღვრა.

„20 წელია, რაც საქართველო არის პანევროპული ოჯახის წევრი. პირველად ხდება, რომ იგი იბარებს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას. თქვენ საინტერესო პრიორიტეტები განსაზღვრეთ. მივესალმები საქართველოს მთავრობასა და ჩვენს მომავალ თანამშრომლობას“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის  ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა. თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონიის ფარგლებში დღეს სტრასბურგში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, დროშა აღიმართა. ასევე სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.