ევროპის პირველი ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი - 12 იანვარს მიხეილ მესხის დაბადების დღეა #1TVSPORT
ევროპის პირველი ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი - 12 იანვარს მიხეილ მესხის დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს მიხეილ მესხის დაბადების დღეა – ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი 87 წლის გახდებოდა.

მიხეილ მესხი 1937 წლის 12 იანვარს თბილისში დაიბადა. თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე. „დინამოს“ შემადგენლობაში პირველი შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და 15 წლის მანძილზე იცავდა თბილისური გუნდის ღირსებას, რომლის ფორმითაც 365 შეხვედრაში 76 გოლი გაიტანა.

1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სამგზის პრიზიორი (1959, 1962 და 1967 წლებში), სპორტის დამსახურებული ოსტატი, ექვსჯერ იყო დასახელებული 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში და ყოველ ჯერზე პირველ ნომრად.

მიხეილ მესხმა კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაასრულა, რის შემდეგაც დააფუძნა საფეხბურთო სკოლა „ავაზა“, სადაც 1969-1991 წლებში მუშაობდა მწვრთნელად და დირექტორად. „ავაზაში“ ბევრი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი აღიზარდა.

საბჭოთა კავშირის ნაკრების ფორმით ჩაატარა 36 შეხვედრა და გაიტანა ოთხი გოლი. 1960 წელს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, სადაც იუგოსლავიის ნაკრებთან გადამწყვეტ შეხვედრაში მთავარი როლი ქართველმა ფეხბურთელებმა, სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა შეასრულეს.

პარიზის „პარკ დე პრენსზე“ გამართული დაპირისპირების 43-ე წუთზე იუგოსლავებმა ანგარიში მილან გალიჩის გოლით გახსნეს. 49-ე წუთზე წონასწორობა სლავა მეტრეველმა აღადგინა, ხოლო დამატებით დროში, 113-ე წუთზე ვიქტორ პონედელნიკმა გამარჯვების ბურთი მიხეილ მესხის საგოლე გადაცემით გაიტანა.

მისი თამაშის სანახავადაც საგანგებოდ დადიოდნენ სტადიონზე და ტაიმებს სხვადასხვა ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს – საიდანაც უკეთ შეიძლებოდა „ფეხბურთის ჯადოქრის“ თამაშის ხილვა.

მიხეილ მესხი 1991 წელს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2005 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივითა და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა.

2014 წლის 19 ნოემბერს, თბილისის „დინამოს“ მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ხსოვნის უკვდავსაყოფად და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად, მისივე სახელობის სტადიონზე აღიმართა ცნობილი ქართველი მოქანდაკის, გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი მიხეილ მესხის ძეგლი.