ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებული ძალოსნები საქართველოში დაბრუნდნენ [ვიდეო]

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტიდან თბილისში დაბრუნდა.

ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებულ ძალოსნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა და საპატრიარქოს ჩოხოსნებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. გულშემატკივრები ნაკრების წევრებს ოვაციებით შეხვდნენ.

ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 1-ელ აპრილს ჩემპიონობა ზედიზედ სამჯერ იზეიმა ლაშა ტალახაძემ.

ატაცში ასევე შესანიშნავად იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც. ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა ანასტასია გოტფრიდმა. ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მფლობელი გახდა რეზი დავითაძე. ორი ოქროთი და ერთი ვერცხლით მსგავსი შედეგი აჩვენა შოთა მიშველიძემ. თათია ლორთქიფანიძემ და გოდერძი ბერელიძემ ბრინჯაოს თითო მედალი მოიპოვეს.

ამ შედეგით, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ბუქარესტში 26 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

დატოვე კომენტარი