ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში ქალთა შორის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა
საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ტურნირში 16 გუნდი ჩაება. საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ხორვატიის, სლოვენიის, პოლონეთის და ჩეხეთის ნაკრები გუნდები გამოეთიშნენ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი 12 საუკეთესო გუნდი გავიდა. ისინი ორ ჯგუფად არიან გაყოფილი.
მეორე ეტაპზე გასულ გუნდებს ერთმანეთში პირველ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ქულები გადაჰყვათ. პირველ ჯგუფში 2 მოგებით ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთის ნაკრები ლიდერობს.
ერთი მოგება ერთბაშად ოთხ ნაკრებს აქვს – სერბეთს, საფრანგეთს, შვედეთს და დანიას. ბოლო მეექვსე პოზიციაზე, უქულო მონტენეგროა. მეორე ჯგუფს ორ-ორი მოგებით რუმინეთი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჰოლანდია ლიდერობენ. თითო მოგება აქვთ უნგრეთს და გერმანიას.
ჯგუფის აუტსაიდერები კი ესპანეთი და ნორვეგიის ნაკრები გუნდებია. ნორვეგიელებმა ბოლო შვიდი ევროპის ჩემპიონატიდან ექვსი მოიგეს და ახლა რეალური საფრთხის წინაშე დგანან ნაადრევად გამოეთიშნონ მედლებისთვის ბრძოლას. ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო ეტაპი ნახევარფინალია, სადაც ექვსგუნდიანი ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გააღწევს.
მეორე ჯგუფური ეტაპი დღეს საფრანგეთი – დანიის და შვედეთი – მონტენეგროს შეხვედრებით გაიხსნება.