ხელბურთი | საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ხელბურთი | საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

ხელბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა. ფინალში საფრანგეთმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დანია 33:31 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა, მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას ვერცერთი გუნდი ახერხებდა და, საბოლოოდ, ძირითადი დრო 27:27 დასრულდა. დამატებითი დროის ბოლო წუთისთვის ფრანგ ხელბურთელებს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, მათ დამატებით ათ წუთში 6:4 გაიმარჯვეს და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებმა 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი სწორედ დანიასთან წააგო. ამ გუნდების ფინალი შედგა 2014 წელსაც ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც საფრანგეთმა ბოლოს მოიგო კონტინენტის პირველობა.

გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი შვედეთმა დაიკავა, სკანდინავიელებმა ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები 34:31 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში დასრულებულ ტურნირზე თამაშობდა საქართველოს ნაკრებიც. ქართველი ხელბურთელებისთვის ეს პირველი გამოსვლა იყო ევროპის ჩემპიონატზე და მათ ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს 22:19 მოუგეს.