ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დასანქცირებასაც ითხოვენ
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დასანქცირებასაც ითხოვენ

ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დასანქცირების მოთხოვნაზეც არის საუბარი.

კერძოდ, რეზოლუციაში აღნიშნულია: „ევროპარლამენტი მკაცრად გმობს „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების, მათ შორის, „იმედის“, „პოსტივსა“ და „რუსთავი 2“-ის როლს, სისტემატური დეზინფორმაციის, ცილისმწამებლური კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატების წინააღმდეგ; აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებას „იმედის“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ ასეთი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს, მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდველი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში; მოუწოდებს ევროკავშირს, სანქციების სიაში შეიყვანონ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრები“.

მანამდე საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილეს. სანქციების სიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების შეყვანა ევროპარლამენტარებმა, მარიუშ კამინსკიმ და მალგოჟატა გოშევსკამ მოითხოვეს და შესაბამისი შესწორება დაარეგისტრირეს.