„ევრონიუსი“ - საფრანგეთი საზღვარს ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ 15-ვე ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან ხსნის
„ევრონიუსი“ - საფრანგეთი საზღვარს ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ 15-ვე ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან ხსნის

ევროპული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საფრანგეთი საკუთარ საზღვრებს იმ 15 ქვეყნისთვის გახსნის, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ გამოაცხადა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, გადაწყვეტილების შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ჟან-ბატისტ ლემუანმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.

საფრანგეთს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საზღვრები 15 ივნისიდან გახსნილი აქვს, ასევე დაშვებულია მიმოსვლა ანდორასთან, ისლანდიასთან, ლიხტენშტაინთან, ნორვეგიასთან, სან მარინოსთან, შვეიცარიასთან და ვატიკანთან. გამონაკლისი იქნება ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი, საიდანაც ჩამოსულ მგზავრებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, რადგან ამ ქვეყნებში საფრანგეთის მოქალაქეებზე მსგავსი რეგულაციები მოქმედებს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.