„ევრონიუსი“ – გერმანიამ და საფრანგეთმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმირების ფარგლებში გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც კაია კალასი ურსულა ფონ დერ ლაიენის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა
გერმანიამ და საფრანგეთმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმირების ფარგლებში ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გეგმა ირლანდიის ქალაქ ვიკლოუში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილება. შეხვედრას თავად კალასი უხელმძღვანელებს.
„ევრონიუსი“ წერს, რომ საფრანგეთ-გერმანიის ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირის საგარეო საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პრობლემის, ინსტიტუციური არათანმიმდევრულობის მოგვარებას. ლისაბონის ხელშეკრულებით განსაზღვრული წესების მიხედვით, უმაღლესი წარმომადგენელი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) ხელმძღვანელობს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით საგარეო პოლიტიკას შეიმუშავებს, კოორდინაციას უწევს და ახორციელებს. კალასი ამავდროულად ევროკომისიის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტიც არის. თუმცა, საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგზე გავლენის მქონე ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, კლიმატი და მიგრაცია, ძირითადად ევროკომისიის კომპეტენციაში შედის. შედეგად, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გავლენის მოსაპოვებლად საჭირო ბერკეტები შეზღუდული აქვს. გაფართოებაც მთლიანად ევროკომისიის კომპეტენციაშია.
„ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ ამგვარმა უფლებამოსილებების განაწილებამ ურსულა ფონ დერ ლაიენს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საკუთარი როლის მნიშვნელოვნად გაფართოების შესაძლებლობა მისცა. გამოცემის ცნობით, ფონ დერ ლაიენის გაზრდილმა გავლენამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში კითხვები გააჩინა და მას პერიოდულად აკრიტიკებდნენ „უფლებამოსილების გადამეტებისა“ და „ძალაუფლების ხელში ჩაგდების“ გამო, მიუხედავად იმისა, რომ მედიის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები ხშირად თავად მოუწოდებდნენ მას, გლობალური კრიზისების დროს წამყვანი როლი აეღო.
საფრანგეთ-გერმანიის გეგმა ითვალისწინებს, რომ კალასს უშუალო როლი ექნება ევროკომისიის გენერალური დირექტორატების მიერ მართული საგარეო მიმართულებების კოორდინაციაში. მათ შორისაა განვითარების დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება, თავდაცვის ინდუსტრია და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები, რომლებიც ორ გენერალურ დირექტორატს შორისაა განაწილებული. ასევე შესაძლოა, განხილული იყოს ვაჭრობის საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
რეფორმის განსახორციელებლად საჭირო იქნება 2010 წლის გადაწყვეტილების შეცვლა, რომლითაც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) შეიქმნა, და არა ლისაბონის ხელშეკრულების შესწორება. ამისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობა იქნება საჭირო.