ევროკომისიის პრესსპიკერი – ჩვენ დავუშვით 6-თვიანი გადავადება, კომისია თუ დაადგენს, რომ ვალდებულებები შესრულებულია, ყულევის ქარხანა სასანქციო სიაში აღარ იქნება

17:00, 24.07.2026

სანქციების პაკეტში ყულევის ქარხნის შეყვანა ჩვენ შევთავაზეთ,  მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, შივონ მაკგარმა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„გვინდა, ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავუშვით ექვსთვიანი გადავადება, რათა ქარხნის მფლობელებს მიეცეთ შესაძლებლობა, რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ. კომისია თუ დაადგენს, რომ ვალდებულებები შესრულებულია, მაშინ ყულევი სანქციების სიაში აღარ იქნება, ხოლო ვალდებულებები თუ არ შესრულდება, მაშინ ჩვენ ევროკავშირის საბჭოს შევთავაზებთ, ყულევის ქარხანა სანქცირებულთა სიაში დარჩეს. ეს არის ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ყულევთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, შივონ მაკგარმა.

რაც შეეხება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, შივონ მაკგარის თქმით, პაკეტში ჩამოთვლილი პლატფორმების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ აქვს.

„საერთო ჯამში, სიაში სულ 14 იყო კრიპტოპლატფორ, რომელთაგან რამდენიმე ქართულია. თუმცა, შემიძლია შუადღის შემდეგ ეს მონაცემები გადავამოწმო და ზუსტი რაოდენობა გითხრათ. რაც შეეხება ამ პაკეტში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ზომებს, ჩვენ რამდენიმე ღონისძიება შევთავაზეთ. პირველ რიგში, ინდივიდუალურად შევიყვანეთ სიაში რამდენიმე პლატფორმა, რომლებიც, ჩვენი აზრით, სისტემატურად გამოიყენება ჩვენი სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რათა რუსეთს საშუალება მიეცეს, ჩვენი სანქციების დარღვევით ფულის გადატანა განახორციელოს. ცხადია, ჩვენ გვსურს, ამგვარ ქცევას ბოლო მოეღოს. გარდა ამისა, ჩვენ ასევე შევიტანეთ ახალი ზომა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მომავალში სანქციების სიაში შევიყვანოთ ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც, ჩვენი შეფასებით, სისტემატურად მოქმედებენ კრიპტოპლატფორმები, რომლებიც სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.

ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესდეს ტრანზაქციების აკრძალვა. შესაბამისად, ასეთი ქვეყანა, როგორც ჩვენ ვამბობთ, შეიძლება, SWIFT-ის სისტემიდან გამოითიშოს. ცხადია, ეს საკმაოდ ძლიერი შემაკავებელი ინსტრუმენტი იქნება. სწორედ ეს გვინდა, რომ მოხდეს – გვსურს, ქცევა შეიცვალოს. ეს მექანიზმი ჯერ არ აგვიმოქმედებია კონკრეტული მესამე ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ის უკვე შევიტანეთ სანქციათა პაკეტში და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ მისი ამოქმედებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტულ ქვეყანას არ ვუმიზნებთ, მაგრამ მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სანქციების ყოველ ახალ პაკეტში ვაძლიერებთ ზომებს იმ ფინანსური ინსტიტუტებისა და კრიპტოპროვაიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი სანქციების 22-ე პაკეტი გააგრძელებს ამ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას, რათა ვიხილოთ ქცევის რეალური ცვლილება“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციათა 21-ე პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სანქციების ამოქმედების ვადად ექვსი თვეა დასახელებული. სასანქციო პაკეტში მოხვდა საქართველოში რეგისტირებული კრიპტოვალუტის სამი პლატფორმაც.

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. საქართველოს საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ „ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირი იხელმძღვანელებს სამართლიანობის პრინციპით და გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას“.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული სამი სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექსი“ და შპს „რაპირა გრუპი“) არ წარმოადგენს ჩვენ მიერ რეგულირებულ სუბიექტებს“.

მსგავსი