ეროვნული ბანკი – სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული სამი სუბიექტი არ წარმოადგენს ჩვენ მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან სამი სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექსი“ და შპს „რაპირა გრუპი“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.
„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.
ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს „მნიშვნელოვნად შესაბამისს“ (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციათა 21-ე პაკეტი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ერთ ყირგიზულ ბანკს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემასთან, ასევე სამ სხვა უცხოურ ბანკს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ. ევროკავშირი ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას 14 კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ პლატფორმის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში არიან დაფუძნებული“.