ევროკომისიაში აცხადებენ, რომ დაწესებული სანქციები რუსეთის პრეზიდენტს ევროპაში შესვლას არ უკრძალავს
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ დაწესებული სანქციები რუსეთის პრეზიდენტს ევროპაში შესვლას არ უკრძალავს

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთის პრეზიდენტს ევროპაში შესვლას არ უკრძალავს. აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა

„პუტინი და ლავროვი არიან გაყინული აქტივების სანქციების ქვეშ, მაგრამ ეს არ უკრძალავს მათ მოგზაურობას. ამიტომ ეს მათ არ ეხებათ. შეხვედრა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარებს ჰიპოთეტურ სცენარებზე, მაგრამ შეხვედრა თუ შედგება, მაშინ, ფაქტებიდან გამომდინარე, მათთვის შესვლა აკრძალული არ არის“, – განაცხადა ჰიპერმა.

კითხვაზე, როგორ შეძლებს პუტინი ბუდაპეშტში მოხვედრას, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროკომისიას ამისთვის გამონაკლისის დაშვება მოუწევს,  ჰიპერმა აღნიშნა, რომ გამონაკლისის დაშვება ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამასთან, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ბუდაპეშტში შეხვედრისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. „რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება შედგა. მზადება სრული სისწრაფით მიმდინარეობს“, – დაწერა ორბანმა.