ევროკომისია შსს-ს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს
ევროკომისია შსს-ს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება, ანგარიშში ხაზგასმულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროკომისია მაღალ შეფასებას აძლევს 2017 წლის აპრილში საქართველოს შსს-ს მიერ ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა არალეგალური ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველში შემუშავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და 2017–2020 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2017–2018 წლების სამოქმედო გეგმა. ევროკომისია დადებითად აფასებს შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოს „კანონიერი ქურდების“, ასევე ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ანგარიშში, ასევე, ყურადღება ეთმობა შსს-ს პროექტებს – ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია.

ევროკომისიის შეფასებით, 2017 წელს საქართველომ წარმატებით გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე, როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა.

ანგარიშის თანახმად, გრძელდება რეფორმები საზღვრის მართვის სფეროში, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და დამატებითი სასაზღვრო სექტორების შექმნის კუთხით. დოკუმენტში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კონტექსტში, საუბარია საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციაზე, ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ კამპანიებზე, რის შედეგადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობის რაოდენობა გაიზარდა.

ანგარიშში ასევე, ნათქვამია, რომ პოლიციის დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით დაინერგა შესაბამისი მექანიზმები. ევროკომისია, ასევე, წარმატებულად მიიჩნევს შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგებს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.