ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ მომდევნო კვირაში ერგნეთის შეხვედრა გვექნება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ მომდევნო კვირაში ერგნეთის შეხვედრა გვექნება

ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრების განახლებაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლობამ თანხმობა განაცხადა. ინფორმაცია პირველ არხს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმაც დაადასტურა, რომელიც იმედოვნებს, რომ შეხვედრებზე ყველა ჩართული მხარე სრულად იქნება წარმოდგენილი.

„ინციდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ფორმატის შეხვედრები, ადგილზე არსებული ვითარების განსახილველად ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ ერთად ამ ფორმატის თანათავმჯდომარე ეუთო-სთან ერთად, რომ კვლავ გაგვეახლებინა შეხვედრები.

ახლა კი ჩანს, რომ შეთანხმება შედგა და შეხვედრები განახლდება მომდევნო კვირას, ეს კი უმნიშვნელოვანესია, რადგან რამდენიმე თვის მანძილზე ხანგრძლივი ჩავარდნა გვქონდა. IPRM-ი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფორმატად რჩება, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ვმსჯელობთ, როგორ აღმოვფხვრათ ინციდენტები, როგორ გავუმკლავდეთ უსაფრთხოების გამოწვევებს ადგილზე, იმ ადამიანების საკეთილდღეოდ, ვინც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ ცხოვრობენ.

ამიტომ, იმედიანად ვართ განწყობილი, რომ შეხვედრა გვექნება უკვე მომდევნო კვირაში, ვიმედოვნებთ რომ მასში ყველა მონაწილე იქნება ჩართული ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან“, -აღნიშნა ჰოგმა პირველი არხის კითხვაზე.

ამასთან, ჟენევის დისკუსიების დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის შეურიგებელი პოზიციის გამო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა უმოქმედოა.