ევროკავშირი ღაზის სექტორში ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირი ღაზის სექტორში და მის გარშემო ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ძალადობის ესკალაცია ღაზის სექტორში და მის გარშემო ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან საგანგაშოა. რაკეტების სროლა და სხვა ქმედებები მოქალაქეების წინააღმდეგ მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ესკალაციას შეუწყობს ხელს და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, იერიშის ერთ-ერთი სამიზნე „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინა იყო.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 300-მდე რაკეტა გაუშვეს. გამოცემა The Times of Israel-ის მონაცემებით, აშკელონში გარდაცვლილია ერთ ადამიანი, ორი კი დაშავდა.