ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი - სერბეთთან თამაშის სურათი ჩვენს ქვეყანას არ შეესაბამებოდა
ევრობასკეტი 2022 | ილიას ზუროსი - სერბეთთან თამაშის სურათი ჩვენს ქვეყანას არ შეესაბამებოდა

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სერბეთთან 66:92 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წაგების მიზეზებზე ილაპარაკა:

„სერბეთმა უკეთესად ითამაშა, დაიმსახურა გამარჯვება და ევრობასკეტზე მოხვედრა. ჩვენი მეტოქე საქართველოში კონცენტრირებული ჩამოვიდა, აგრესიულად და გონივრულად ითამაშა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ევრობასკეტის მასპინძლები ვართ და ჯგუფში აქამდე ყველა მატჩი მოგებული გვქონდა, შედეგი არაფერს წყვეტდა. მიუხედავად ამისა, ველოდი ბრძოლას, ისევე როგორც წინა მატჩებში. მიყვარს ჩემი კალათბურთელები, მჯერა მათი, მაგრამ სერბეთთან არ გვიბრძოლია. აქამდე წარმატებას იმიტომაც ვაღწევდით, რომ მოედნის ყველა მონაკვეთში ვიბრძოდით, შეტევაში თუ დაცვაში. ამ შემთხვევაში ვერ ვაჩვენეთ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით.

მინდა, ყველა გულშემატკივარს მოვუბოდიშო, რადგან თამაშის სურათი ჩვენს ქვეყანას არ შეესაბამებოდა. ჩამოსვლის პირველი დღიდან დავინახე და ვამბობ, რომ ქართველები იბრძვიან როგორც ლომები. სერბეთთან კი მოედანზე არ ვიყავით. მეოთხე პერიოდში მხოლოდ ორჯერ დავჯარიმდით. ეს მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგემ ამ ათწუთეულში 27 ქულა ჩააგდო.

როდესაც საქმე კალათბურთს ეხება, მსგავსი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული. კარგია, რომ ევრობასკეტის საგზური დაჯაშნული გვაქვს, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია ყოველ მატჩზე კონცენტრირებულები გამოვიდეთ და საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

განვმეორდები და ვიტყვი, რომ შესარჩევ ეტაპზე ყოველი მატჩის წინ მოსამზადებლად სამი დღე გვაქვს. ეს არ არის საკმარისი დრო მოსამზადებლად. ევრობასკეტის წინ კი, ყველა გუნდს აქვს ზაფხული სათანადო ფორმაში შესასვლელად და შესათამაშებლად. ამავე დროს, გვეცოდინება, ვინ იქნებიან ჩვენი მეტოქეები და დაისახება გზები მათთან საბრძოლველად. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა კალათბურთელმა იზრუნოს საკუთარ განვითარებაზე. ჩვენი გუნდი სერბეთთან შედარებით გამოუცდელია. სერბები თამაშობენ ევროტურნირებზე, რაც განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ქართველებს კი ამის შესაძლებობა არა აქვთ. ამის კომპენსაცია რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ბევრი ვიმუშავოთ.

ახლა უკვე ფინეთზე ვფიქრობთ, რომელსაც 21 თებერვალს ვეთამაშებით. იმედი მაქვს, რომ კონერ ფრენკამპის ტრავმა სერიოზული არ იქნება და ის ფინელებთან დაგვეხმარება.“

შეგახსენებთ, რომ ფინეთთან მატჩს საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს 19 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.