ევრობასკეტი 2022 | სერბეთმა ევრობასკეტის საგზური საქართველოსთან გამარჯვებით გაინაღდა [ვიდეო]
ევრობასკეტი 2022 | სერბეთმა ევრობასკეტის საგზური საქართველოსთან გამარჯვებით გაინაღდა [ვიდეო]

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ბოლოსწინა მატჩში საქართველომ სერბეთს უმასპინძლა. სერბებისთვის ამ მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოგების შემთხვევაში ევრობასკეტის საგზურს ინაღდებდნენ. საქართველო კი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია და მთავარ ევროპულ ფორუმზე თამაში გარანტირებული აქვს.

თუმცა სერბების სასტარტო ცენტრმა მიროსლავ რადულიცამ მატჩის წინაც აღნიშნა, რომ ქართველებისთვის მნიშვნელობა არ აქვს გასულები არიან თუ არა, ბოლომდე იბრძვიან და არავის არაფერს უთმობენო.

ჩვენმა გუნდმა მართლაც ბოლომდე იბრძოლა, თუმცა პერიმეტრიდან მაღალი პროცენტული სიზუსტით მტყორცნელ მეტოქესთან, ლეგიონერი კონერ ფრენკამპის გარეშე ვერას გახდა და დამარცხდა – 66:92.

საქართველო-სერბეთი 66:92

10:13, 21:24, 20:28, 15:27

საქართველო: ფრენკამპი (10ქ), ბურჯანაძე (10ქ), ბოქოლიშვილი (3ქ), შერმადინი (20ქ, 8მ), სანაძე (15ქ, 5მ, 3პ), კორსანტია, ფევაძე, ბერიშვილი (3ქ), ლობჯანიძე, ბექაური, ბაქრაძე (3ქ), ლონდარიძე (2ქ).

სერბეთი: პეტრუშევი (27ქ), დანგუბიჩი (5ქ), იარამაზი (6ქ), რადულიცა (6ქ, 5მ), აპიჩი (4ქ), ასჩერიჩი, სიმანიჩი (2ქ), ავრამოვიჩი (9ქ), რადოვანოვიჩი, ანდუშიჩი (22ქ), რებიჩი (11ქ), ლუკოვიჩი.

პირველ მეოთხედში საწყის წუთებზე 2:11 ჩამორჩენის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და მეოთხედი 10:13 დაასრულა. 4-4 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და კონერ ფრენკამპმა, 2 – დუდა სანაძემ, რომლის ჩაჭრები გუნდს დიდად წაადგა.

მეორე პერიოდში სერბებს განსაკუთრებით შეტევაში გაუჭირდათ და კონერ ფრენკამპის ორქულიანის შემდეგ საქართველო პირველად დაწინაურდა – 16:15.

ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. პერიმეტრიდან ორივე გუნდს უჭირდა ქულების მოგროვება. თუკი გაჭირვებაზე ვამბობთ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ სერბებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა გიორგი შერმადინის განეიტრალება. შერმომ პირველი ტაიმი 12 ქულით დაასრულა. 10 ქულა ჰქონდა კონერ ფრენკამპს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო: სერბემა პერიმეტრიდან მიზანი გაისწორეს, სამქულიანს სამქულიანი მიაყოლეს და 46:33 დაწინაურდნენ.

ამავე დროს ფეხი იტკინა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კონერ ფრენკამპმა, რომელმაც მოედანი ქართველი ექიმების დახმარებით დატოვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კონერი მოედანზე ვეღარ დაბრუნდებოდა.

მის ნაცვლად თამაშში გივი ბაქრაძე ჩაერთო, ქართველებმაც დაცვაში თამაში გამოასწორეს და მესამე პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე დუდა სანაძის სამქულიანის წყალობით სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს – 45:53.

მესამე პერიოდის ბოლოს სერბეთის ნაკრებმა ისევდაისევ პერიმეტრიდან ტყორცნების წყალობით მცირე გაქცევა მოაწყო და მეოთხე პერიოდის წინ 65:51 დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრები მძიმე ამოცანის წინაშე აღმოჩნდა – აღმოეფხვრა 14-ქულიანი სხვაობა 10 წუთში. საქმე რთულად იყო, რადგან არც ფრენკამპი გვეხმარებოდა და ჩვენს გუნდს არც სამქულიანი ტყორცნებიდან გამოსდიოდა ქულების მოგროვება. 30 წუთში ქართველებმა მხოლოდ 3 სამიანი ჩააგდეს (19 მცდელობიდან), მაშინ, როდესაც სერბების ანგარიშზე 16-დან 8 სამიანი იყო.

მეოთხე პერიოდში საქმე კიდევ უფრო გართულდა – სერბებმა იგრძნეს, რა გზა იყო საჭირო თამაშის მოსაგებად, დაცვაში კიდევ უკეთ ათამაშდნენ, ხოლო შეტევაში სამქულიანების პარალელურად ორქულიანებიც საკმარისად ჩააგდეს, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 78:54 დაწინაურდნენ და ევრობასკეტი 2022-ის საგზური მოიპოვეს.

27 ქულით მატჩის ბომბარდირი ფილიპ პეტრუშევი გახდა, გიორგი შერმადინმა 20 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.