ევრო 2024-ზე ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბში რამაზ სვანაძე იმუშავებს #1TVSPORT
ევრო 2024-ზე ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბში რამაზ სვანაძე იმუშავებს #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე და ფიზმომზადების სპეციალისტი ბონდო გოცირიძე ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მანამდე სვანაძე და გოცირიძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის მოამზადებენ, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 6 ივნისს გაიმართება.

„რამაზ სვანაძე და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრი ბონდო გოცირიძე ეროვნული გუნდის მოსამზადებელ პროცესში 2022 წელს, ერთა ლიგის მატჩების პერიოდშიც მონაწილეობდნენ – ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბსაც გააძლიერებს.

ჩვენი საშეჯიბრო პროცესისა და ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ მწვრთნელებს შორის იყოს მუდმივი კომუნიკაცია, რაც ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის დიდი გამოცდილებაა. გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბებს შორის ასეთი დამოკიდებულება ეროვნულ გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეთა ინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს, რაც, საბოლოოდ, იმ წარმატებულ მაგალითებში აისახება, რისი ტენდენციაც ბოლო წლებში ამ მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.