ევრო 2024-ზე გერმანიის ნაკრებს იულიან ნაგელსმანი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ევრო 2024-ზე გერმანიის ნაკრებს იულიან ნაგელსმანი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

გერმანიის ნაკრებს იულიან ნაგელსმანი ჩაუდგება სათავეში.

გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო კავშირმა შეთანხმებას მიაღწია 36 წლის მწვრთნელთან თანამშრომლობის თაობაზე. ის ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

მხარეებს რჩებათ ბოლო დეტალების მოგვარება. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მწვრთნელის ხელფასი თვეში 400 ათას ევროს გაუტოლდება.

პარალელურად, გაუქმდა ნაგელსმანის კონტრაქტი „ბაიერნთან“ და მწვრთნელი აღარ მიიღებს ხელფასს მიუნხენური კლუბისგან.

„ბაიერნმა“ ნაგელსმანის გადადგომის შესახებ ამა წლის მარტში გამოაცხადა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა, თუმცა ნაგელსმანი კონტრაქტის მიხედვით იღებდა ხელფასს. ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში და, საერთო ჯამში, მწვრთნელი 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.