ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები ფელბერტში დაბანაკდება - „ჯვაროსნები“ ახალგაზრდებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ღია ვარჯიშს გამართავენ #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრები ფელბერტში დაბანაკდება - „ჯვაროსნები“ ახალგაზრდებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ღია ვარჯიშს გამართავენ #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ქალაქ ფელბერტში დაბანაკდება, რომელიც ესენსა და ვუპერტალს შორის მდებარეობს – ინფორმაციას გამოცემა waz.de ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას სად გაივლიან. თავიდან მზადება საქართველოში, საგურამოს ბაზაზე იგეგმებოდა, მაგრამ „ჯეო თიმის“ ინფორმაციით, გუნდი ავსტრიაში შეიკრიბება.

„გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფელბერტის სასტუმრო Best Western Parkhotel-ში დაბინავდება. სასტუმროს პერსონალი კარგად მოემზადა სპორტსმენების დასახვედრად – 84 ნომრიდან 70 საქართველოს ნაკრებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი 14 ნომერი – გერმანიის საფეხბურთო კავშირის ჩინოვნიკებისა და თანამშრომლებისთვის.

ქალაქის მერი დირკ ლუკრაფკა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკ-ტორბენ ბიურინგი მოხარულნი არიან, რომ „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატის დროს ფელბერტის სტადიონზე მოემზადებიან და ღია ვარჯიშებს გამართავენ, მაგრამ შეზღუდვებიც დააწესეს.

სასტუმროს გარშემო მოეწყობა დამცავი ღობე, რომელიც საქართველოს ნაკრებს ცნობისმოყვარე გამვლელებისა და არასასურველი ვიდეო თუ ფოტოგადაღებებისგან დაიცავს. Parkhotel-ის ყველა თანამშრომელმა უეფა-ს აკრედიტაცია გაიარა და სასტუმროში შესვლის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ. შენობა წინასწარ შეამოწმეს დაცვამ და ასაფეთქებელი ნივთიერების აღმომჩენმა ძაღლებმა“, – წერს waz.de.

„საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ფელბერტის სტადიონზე ღია ვარჯიშს 12 ივნისს, 17:00 საათზე (19:00 საათი თბილისის დროით) გამართავს. სხვა დროს მაყურებელი ვარჯიშზე არ დაიშვება. ახლა ვცდილობთ კიდევ ერთი შეხვედრისა და ავტოგრაფების სესიის მოწყობას. თუმცა ეს ჯერ უეფა-სთან უნდა შეთანხმდეს“, – ეს სტადიონის მენეჯერის, აქსელ ვიენკეს სიტყვებია.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო2024-ზე არიან თურქეთი (18 ივნისი, 20:00 – დორტმუნდი), ჩეხეთი (22 ივნისი, 17:00 – ჰამბურგი) და პორტუგალია (26 ივნისი, 23:00 გელზენკირხენი).