ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს გაირკვევა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „ჯვაროსნების“ მეტოქე ჯერ კიდევ უცნობია.
ნახევარფინალში საქართველოსთან ერთად, C დივიზიონის დანარჩენი ჯგუფების გამარჯვებულებს უნდა ეთამაშათ – თურქეთის, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს. მაშინ გუნდები ქულების მიხედვით ასე დაწყვილდნენ: საუკეთესო ქულების მქონე (საქართველო, 16 ქულა) უარესი ქულების მქონე ყაზახეთს (13) უნდა შეხვედროდა, ხოლო მე-2 საუკეთესო საბერძნეთი (15) – მესამე პოზიციაზე მყოფ თურქეთს (13).
ევრო 2024-ის შესარჩევმა ეტაპმა ვითარება შეცვალა. თურქეთმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ტრადიციული შესარჩევი ტურნირიდან მოიპოვა და პლეი ოფში მის ადგილს პირველი ჯგუფის (სადაც თურქეთი გამოდიოდა) მეორეადგილოსანი, ლუქსემბურგი დაიკავებს. ამან შეცვალა განლაგება და ლუქსემბურგი 11 ქულით, ყაზახეთის (13 ქულა) შემდეგ მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა.

შესაბამისად შეიცვალა სავარაუდო წყვილებიც: საქართველო-ლუქსემბურგი და საბერძნეთი-ყაზახეთი.
დღეს, 20 ნოემბერს ყველაფერი გაირკვევა. ყაზახეთის ნაკრები 18 ქულით ევრო 2024-ის H ჯგუფში მესამე ადგილზეა და ბოლო ტურამდე აქვს შანსი, სლოვენიას (19) გადაასწროს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ტრადიციული შესარჩევი ტურნირიდან მოხვდეს.
თუ ასე მოხდება, ყაზახეთის ადგილს ერთა ლიგიდან მისი ჯგუფის მეორეადგილოსანი, აზერბაიჯანი (10 ქულა) დაიკავებს. ასეთ შემთხვევაში გუნდები ასე დაწყვილდებიან: საქართველო-აზერბაიჯანი და საბერძნეთი-ლუქსემბურგი.
ევრო 2024-ის პლეი ოფის თამაშების კალენდარი:
ნახევარფინალი. 21 მარტი, 2024 წელი
საქართველო – რეიტინგში მეოთხე საუკეთესო გუნდი
საბერძნეთი – რეიტინგში მესამე საუკეთესო გუნდი
ნახევარფინალში გამარჯვებული ნაკრებები ერთმანეთს ფინალურ მატჩში 2024 წლის 26 მარტს ეთამაშებიან, შეხვედრის მასპინძელი 23 ნოემბერს წილისყრით გამოვლინდება.