ევრო 2023-ის დაწყებამდე 100 დღით ადრე - საქართველოს სამ ქალაქში უკუთვლის საათი ჩაირთვება #1TVSPORT
13 მარტს, უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის (ევრო 2023) დაწყებამდე 100 დღით ადრე, ტურნირის მასპინძელ ქალაქებში უკუთვლის საათი ჩაირთვება და ღონისძიებები გაიმართება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
სფფ-ს ცნობით, ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები ტურნირის მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში ერთდროულად ჩაირთვება. თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ, ხოლო ბათუმში – ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.
ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
საათის ჩართვის ღონისძიება 17:45-ზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის youtube არხზე შემოგთავაზებთ.