ევრო 2020-ის ყველა ქალაქი მზადაა ტრიბუნებზე მაყურებელი დაუშვას #1TVSPORT
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ყველა 12 მასპინძელი ქალაქი მზად არის ტრიბუნებზე გულშემატკივარი დაუშვას. ამის შესახებ უეფაზე დაყრდნობით გაზეთი „დეილი მეილი“ წერს.
წყაროს ცნობით, ორგანიზატორებს 7 აპრილამდე უნდა ეცნობებინათ უეფა-სთვის ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი რისკავდნენ დაეკარგათ მატჩების მასპინძლობის უფლება. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ყველა მხარე დაადასტურებს მაყურებლის დასწრებას.
აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ქალაქში მზად არიან დაუშვან სტადიონის ტევადობის მხოლოდ 10 პროცენტი, რაც არ აწყობთ უეფა-სა და მის პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს. ელოდებიან, რომ მაყურებლის დასწრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 20 აპრილამდე მიიღებენ.
ასევე ირკვევა, რომ ყველაზე პრობლემური ქალაქია დუბლინი. ირლანდიის სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა გაზეთ Irish Sun-ს განუცხადა, რომ ამ მომენტისთვის მთავრობას არ შეუძლია გარანტიების გაცემა მაყურებლის მინიმალური რაოდენობის დასწრების შესახებ.
2020 წლიდან 2021-ში გადატანილი ევრო 2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.