ევრო 2020 | დანიის ნაკრების ექიმი კრისტიან ერიკსენზე საუბრობს #1TVSPORT
დანიის ნაკრებმა ევრო 2020-ზე პირველი მატჩი ფინეთთან ითამაშა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრის 42-ე წუთზე მოედანზე დაეცა კრისტიან ერიქსენი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოედანზევე გაუწიეს.
„ძალიან აღელვებული ვარ. როგორც მწვრთნელი აღმოვჩნდი სიტუაციაში, სადაც მოედანზე კინაღამ დავკარგეთ ადამიანი. შემდეგ ვნახე, როგორ ცდილობდა ყველა, ხმა მიეწვდინათ თავისი ოჯახებისთვის, დაერეკათ მათთვის. სწორედ ამას იწვევს ასეთი სიტუაციები. უმძიმესი საღამოა. მთელი ჩვენი ფიქრებით კრისტიანსა და მის ოჯახთან ვართ. მათთვის ვლოცულობთ. კრისტიანი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ის ზოგადად საუკეთესოა და კიდევ უფრო კარგი ადამიანია. ვფიქრობ მასზე და ვუგზავნი მთელს ჩემ პოზიტიურ ენერგიას“, – ასეთი იყო დანიის ნაკრების მწვრთნელის კასპერ ჰიულმანდის კომენტარი.
დანიის ნაკრების ექიმი მორტენ ბოესენი:
„დავიწყებ იმით, რომ ველაპარაკე კრისტიანის ოჯახის წევრებს. დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ. ვისაუბრებ იმაზე, რაც ყველამ ვნახეთ. მოედანზე დაგვიძახეს, როდესაც კრისტიანი დაეცა. ეს მომენტი არ დამინახავს, თუმცა ცხადი იყო, რომ უგონო მდგომარეობაში იყო. როდესაც მივედი, სუნთქავდა და პულსიც ესინჯებოდა, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა. როგორც დაინახეთ, მაშინვე დავიწყეთ კარდიოპულმონარული რეანიმაცია. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა“.