ევგენი პრიგერმანი - ბელარუსისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რომ საარჩევნო კამპანიაში, ემოციების გარდა, არაფერი იყო, ქვეყანა ხდება დაუცველი ისეთი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა მესამე მხარის ჩარევა
ევგენი პრიგერმანი - ბელარუსისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რომ საარჩევნო კამპანიაში, ემოციების გარდა, არაფერი იყო, ქვეყანა ხდება დაუცველი ისეთი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა მესამე მხარის ჩარევა

ბელარუსში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ უკვე ხვალიდან ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყოს. ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კი ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ „არეულობის შემთხვევაში ძალას გამოიყენებს“. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბელარუსში არაერთი ოპოზიციონერი დააკავეს, მათ შორის, ბლოგერი სერგეი ციხანოვსკი და რუსული „გაზპრომბანკის“ ბელარუსის ფილიალის მმართველი ვიქტორ ბაბარიკო. პრეზიდენტობის კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატი ვალერი ცეპკალო სამშობლოდან გაიხიზნა. ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობით უკმაყოფილო მოქალაქეები ახლა პატიმრობაში მყოფი ბლოგერის მეუღლის, სვეტალანა ციხანოვსკაიას გარშემო არიან გაერთიანებულები.

ბელარუსში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საქართველოს პირველი არხი „მინსკის დიალოგის“ საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს დირექტორ ევგენი პრიგერმანს ესაუბრა.

– როგორ ჩაიარა წინასაარჩვენო კამპანიამ ბელარუსში და რამდენად ძლიერია ოპოზიცია?

– საარჩევნო კამპანია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა. კერძოდ, მივედით მოქმედ ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის დაპირისპირებამდე. შედეგად მივიღეთ არა საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ რეფერენდუმი, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი დგას – უჭერთ მხარს მოქმედ ხელისუფლებას თუ არა? ასეთ პირობებში შინაარსობრივ დისკუსიებზე საუბარიც კი ზედმეტია. გასაგებია, რომ ეს გარდაუვალი იყო, რადგან ლუკაშენკო უკვე 25 წელია, ხელისუფლებაშია. მაგრამ, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ ამ კამპანიაში, ემოციების გარდა, არაფერი იყო, ამიტომ ბელარუსი ხდება დაუცველი ისეთი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, მესამე მხარის ჩარევა. ვშიშობ, რომ უახლოეს ხანში ამას ვიხილავთ კიდეც. რაც შეეხება, ოპოზიციის შანსებს, კერძოდ, სვეტლანა ციხანოვსკიას და მის გარშემო გაერთიანებულ ხალხს, ჩემი აზრით, შანსებზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც საპროტესტო აქციების მასშტაბები მმართველი ელიტის მონოლითურობაზე აისახება. ჯერ ასეთი რამ არ ჩანს. მეორე ტურის ჩატარებასაც გამოვრიცხავ, რადგან ხელისუფლებისთვის ეს იქნებოდა მომავალი მარცხის აღიარება.

– თქვენ ახსენეთ მესამე ძალები. ბოლო პერიოდში რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობები კარგი არ არის. ამასთან ერთად, მინსკი დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ ეს დასავლური კურსი გაძლიერდება?

– კურსის შეცვლას პრაქტიკულად გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ 2014 წელს უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ბელარუსი აღმოჩნდა გეოპოლიტიკურ გამყოფ ხაზზე. უკრაინაში ომი ძალიან ახლოს იყო, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის პროცესი დაიწყო. ეს მნიშვნელოვანია ბელარუს-რუსეთის ურთიერთობების გასაგებად. 2014 წლამდე რუსეთის ურთიერთობები დასავლეთთან ყოველთვის უკეთესი იყო, ვიდრე ბელარუსის ურთიერთობები დასავლეთთან. ასეთ ვითარებაში ბელარუსს შეეძლო, მშვიდად ემოქმედა და გეოპოლიტიკური ლოიალურობა გამოეცხადებინა რუსეთისთვის, სანაცვლოდ კი სხვადასხვა სახის ეკონომიკური სარგებელი მიეღო, მათ შორის, ფასდაკლება ბუნებრივ აირზე და ნავთობზე, წვდომა რუსულ ბაზართან და საკრედიტო რესურსებთან. 2014 წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბელარუსისთვის რუსეთის გეოპოლიტიკურ მიმდევრად ყოფნა იქნებოდა სხვა ქვეყნის კონფრონტაციაში თანამონაწილეობა, თან ისე, რომ მინსკს ამ კონფრონტაციაში ხმის უფლება არ ექნებოდა. იმის გათვალისწინებით კი, რომ გეოგრაფიულად ბელარუსი რუსეთისა და ნატო-ს გზაგასაყარზე მდებარეობს, დგებოდა უსაფრთხოების საკითხებიც. ამიტომ, ბელარუსი რუსეთისადმი ლოიალურობის შემცირებას და დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებას შეუდგა. საპრეზიდენტო კამპანიის საფრთხე არის ის, რომ მისი დასრულების შემდეგ სავარაუდოდ დასავლეთთან ურთიერთობები გაუარესდება. ეს არ უკავშირდება ბელარუსის გეოპოლიტიკურ გათვლებს. ეს უფრო მეტად იმის ბრალია, რომ ბელარუსი მაინც ავტორიტარული სისტემაა და ეს სისტემა, პირველ რიგში, თვითგადარჩენაზე ფიქრობს და ზრუნავს. ლუკაშენკოს, რა თქმა უნდა, კარგად ესმის დასავლეთთან ურთიერთობების მნიშვნელობა, მაგრამ მაშინ ის დგება ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ასეთ დროს ხელისუფლება, პირველ რიგში, ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს და ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანი ხდება. ეს ძალიან სახიფათო სიტუაციაა, რადგან ამ არჩევნების შედეგად ბელარუსი დასუსტდება, როგორც შიდა დაპირისპირების, ისე დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების გამო.

– მინდა, გკითხოთ რუსეთის შესახებ. ბელარუსში იყვნენ პრეზიდენტობის მსურველები, რომლებსაც კრემლთან კავშირში ადანაშაულებდნენ. თქვენი აზრით, ჰყავს დღეს კრემლს თავისი კანდიდატი და საერთოდ, სურს კი მოსკოვს ლუკაშენკოს შეცვლა?

– რუსეთის ინტერესებში ლუკაშენკოს შენარჩუნებაა, თუმცა ლუკაშენკო უნდა იყოს მუხლებზე დაჩოქილი. მოსკოვში უნდათ, რომ ლუკაშენკო დარჩეს პრეზიდენტად, მაგრამ იყოს დასუსტებული, რადგან იმედი აქვთ, რომ ასეთ მდგომაროებაში ის დათანხმდება ბელარუსის რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას. შარშან ბელარუსი ამ მოლაპარაკებებზე წავიდა, მაგრამ ბელარუსი რუსეთის ყველა წინადადებაზე უარს ამბობდა, რომელსაც ლუკაშენკო ბელარუსის სუვერენიტეტისადმი საფრთხის შემცველად მიიჩნევდა და სწორედ ამიტომ ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ახლა რუსეთის გათვლაა, რომ დასუსტებულ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკება უფრო იოლი იქნება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი შეიძლება, იყოს დაინტერესებული ბელარუსის არჩევნებში ჩარევით, თუნდაც იმისთვის, რომ ბელარუსის შიდაპოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გააღვივოს. ამის გაკეთება კი სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი. ეს დღეს არც პოლიტიკური და არც პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს.

– უჭერს თუ არა მხარს მთელი ოპოზიციური სპექტრი სვეტლანა ციხანოვსკაიას კანდიდატურას? და ზოგადად, როგორი პრეზიდენტი შეიძლება, იყოს ციხანოვსკაია? რას ჰპირდება ის ხალხს?

– სვეტალანა ციხანოვსკაია დღეს გამოხატავს უკმაყოფილო მოქალქეებს. ის არის საპროტესტო ელექტორატის სიმბოლო. მის მხარდამჭერებს არ აინტერესებთ, რას წარმოადგენს კანდიდატი. მათთვის საკმარისია, რომ ის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგია. ცხადია, ჩვენ არ ვიცით, რამდენად მრავალრიცოხვანია ციხანოვსკაიას ამომრჩეველი. ვიცით, რომ საპროტესტო ელექტორატი ათი წლის წინანდელთან შედარებით, გაზრდილია. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი მაინც „ფეისბუქში“ მოწონების დონზე რჩება და სარისკო ნაბიჯების გადადგმას უმეტესობა ჯერ თავს არიდებს. რაც შეეხება ციხანოვსკაიას პრეზიდენტობას, ამის შესახებ არაფერია ცნობილი, რადგან მისი პროგრამის ერთადერთი პუნქტი არის მოქმედი ხელისუფლების მოშორება და შემდეგ ახალი არჩევნების ჩატარება, რომელშიც ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ისინიც, ვინც ახლა პატიმრობაშია. ეს გასაგები და გამართლებული გზავნილია. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ის მოიგებს არჩევნებს, მაშინ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდება.

– ბოლოს მინდა, გკითხოთ 10 აგვისტოს შესახებ. როგორც ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა მასობრივი აქციები?

– დღეს შეიძლება, 100 პროცენტით ვიყოთ დარწმუნებულები, რომ აქციები ბელარუსში იქნება. საკითხავი მხოლოდ ისაა, რა მასშტაბებითა და ფორმით. ამაზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების რეაქცია. მთავრობა ცალსახად ამბობს, რომ ხისტად იმოქმედებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში მათ დაანახეს ოპოზიციას, რომ მათი ეს განცხადებები ხუმრობა არ არის. მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება აქციის მონაწილეთა რიცხვი და დემონსტრაციების ფორმა. აქ არსებობს კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც ციხანოვსკაიას უკავშირდება. ის ამბობს, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ არ მოუწოდებს. თუმცა, თუ აქციები გაიმართა, ის მიტინგს შეურთდება. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, რომ აქციების დროს ლიდერების ვაკუუმი წარმოიქმნას, რა დროსაც დემონსტრაციებს სათავეში შეიძლება, ნებისმიერი ჩაუდგეს. რას გააკეთებენ ეს ადამიანები? რითი იხელმძღვანელებენ? ყველა ეს კითხვა უპასუხოა. ამ დროს ხელისუფლებას არ ჰყავს ოპოზიციაში მომლაპარაკებელი. ეს ძალიან სახიფათოა და პოლიტიკური პროცესის ხელოვნურად დაძაბვის რისკს აჩენს.