ეთიოპიის მთავრობამ ტიგრაის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
ეთიოპიის მთავრობამ ტიგრაის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ამბოხებულთა ძალები ტიგრაის რეგიონის დედაქალაქ მეკელეს ქუჩებში გამოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, ქალაქი სამთავრობო დანაყოფებმა დატოვეს, თუმცა ხელისუფლებას აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
ეთიოპიის ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა სასოფლო-სამეურნეო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მყოფი მოსახლეობისადმი დახმარების მიწოდებას შესაძლებლობას შექმნის, ასევე პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად შექმნის სივრცეს.
ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა, აბი აჰმედმა ტიგრაის რეგიონში სამხედრო დანაყოფები ამბოხებული „ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად გასული წლის ნოემბერში გაგზავნა. შეიარაღებული დაპირისპირებისას ორივე მხარე მასობრივი მკვლელობებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში დაადანაშაულეს.
2020 წლის ნოემბრიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. გაერო-ს მონაცემებით, სურსათის დეფიციტს ტიგრაის რეგიონში ხუთ მილიონამდე ადამიანი განიცდის, 350 ათასზე მეტი კი შიმშილის პირობებში ცხოვრობს.