„სიენენი“ - ეთიოპიაში თვითმფრინავის კატასტროფისას გარდაცვლილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლე კომპანია „ბოინგს“ უჩივის
„სიენენი“ - ეთიოპიაში თვითმფრინავის კატასტროფისას გარდაცვლილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლე კომპანია „ბოინგს“ უჩივის

ეთიოპიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფისას გარდაცვლილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლე, საფრანგეთის მოქალაქე ნადეჟ დუბუა-სიქსი, კომპანია „ბოინგს“ უჩივის.  ოჯახის ადვოკატის თქმით, ოჯახი კომპენსაციის სახით 276 მილიონ დოლარს ითხოვს.

როგორც „სიენენი“ (CNN) იტყობინება, სარჩელი ჩიკაგოს სასამართლოშია შეტანილი. სწორედ ამ ქალაქშია განთავსებული „ბოინგის“ შტაბბინა.

„ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, რადგან მსგავსი რამ უკვე მოხდა ხუთი თვით ადრე. როგორ შეიძლებოდა, რომ მათ ეს გაფრთხილება ასე უგულებელყვეს?“ – განაცხადა პარიზში მედიასთან საუბრისას გარდაცვლილის ცოლმა.

„ჩემი ქმრის სიცოცხლე გამიზნულად წამართვეს. „ბოინგი“ ცინიკურად მოქმედებდა“, – აღნიშნა დუბუა-სიქსმა.

კომპანია „ბოინგში“ სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

შვედეთისა და კენიის გარდაცვლილ მოქალაქე ჯონათან სიქსს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

„ეთიოპიის ავიახაზების“ კუთვნილმა ხომალდმა „ბოინგ 737 მაქს 8“ კატასტროფა 10 მარტს განიცადა, რასაც 157 ადამიანი ემსხვერპლა. ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ხომალდის საბორტო თვითმწერების ანალიზმა ინდონეზიაში იმავე ტიპის თვითმფრინავის კატასტროფასთან მსგავსებები აჩვენა.

დატოვე კომენტარი