ეთიოპიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მინისტრი და სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები არიან
ეთიოპიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მინისტრი და სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები არიან

ეთიოპიაში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის გაერო-ს თანამშრომლები, სიცილიელი მინისტრი და სლოვაკი დეპუტატის ოჯახის წევრები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე დევნილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თავად გაერო-ს კომისარი, ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ შოკირებულია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციამ დიდი დანაკარგი განიცადა.

ავიაკატასტროფას ემსხვერპლა სიცილიის ადგილობრივი მთავრობის კულტურული მემკვიდრეობის და სიცილიური იდენტობის მინისტრი სებასტიანო ტუზა. მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგი და პალეონტოლოგიის პროფესორი, იუნესკოს პროექტის ფარგლებში კენიაში მიემგზავრებოდა.

ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა სლოვაკეთის პარლამენტის დეპუტატის, ანტონ გრნკოს მეუღლე და ორი შვილი.

ავიადისპეჩერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პილოტმა პრობლემის წარმოქმნის შესახებ განაცხადა და აეროპორტში დაბრუნება მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ავიაკატასტროფის გამო ეთიოპიამ 11 მარტს გლოვა გამოაცხადა.

10 მარტს, „ეთიოპიან ეარლაინსის“ კუთვნილი „ბოინგ 737“ ეთიოპიის ქალაქ დებრე-ზეიტთან ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.