ფიგურული ციგურაობის ცნობილმა მწვრთნელმა ეთერ თუთბერიძემ პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადა და მასთან დაკავშირებული ემოციები გაიხსენა.
სპეციალისტმა, რომელმაც არაერთ სპორტსმენს მოუტანა საერთაშორისო აღიარება, „ინსტაგრამზე“ (instagram) ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ალინა ზაგიტოვაზე და ევგენია მედვედევაზე ისაუბრა.
თუთბერიძემ განაცხადა, რომ ის ბოლომდე ბედნიერი არ იყო, როდესაც მისი ორი მოციგურავე ოლიმპიურ პოდიუმზე იდგა, რადგან მაშინ დედაზე ფიქრობდა, რომელსაც ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ოლიმპიადის დაწყებამდე დაუსვეს.
„ზუსტად იმ დღეს, როდესაც იაპონიაში ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად წავედით, დედაჩემს ინსულტი დაემართა, მოგვიანებით კი ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მახსოვს, რომ თითქოს ნისლში ვიყავი. ჩემი ქალიშვილი სკოლაში ცხოვრობდა, რათა სახლში მარტო არ ყოფილიყო. დედა საავადმყოფოში, კრიტიკულ კონდიციაში იმყოფებოდა. როდესაც ქალიშვილს ვურეკავდი, ის მუდმივად ტიროდა, დედაჩემი კი სიცოცხლისთვის იბრძოდა. შემდეგ კი იყო ოლიმპიადა, მედლები. ხალხი მილოცავდა და ჩემს თვალებში ბედნიერების ნიშნებს ეძებდა, თუმცა იქ მხოლოდ ტკივილი იყო.
ოლიმპიადის შემდეგ, რამდენიმე მოსწავლესთან უცნაური განშორება მქონდა. ერთ-ერთი მათგანი სამაგალითო (მედვედევა) იყო და მისთვის ყველაფერი გავაკეთე, ჩემი ძალების 200 პროცენტი მივუძღვენი. ამას კი მოჰყვა ბრალდებები, რომელმაც ტკივილი გააძლიერა“, – წერს ეთერ თუთბერიძე ინსტაგრამზე.
2019 ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში გაიმართა, პოდიუმზე თუთბერიძის ორი მოწაფე ავიდა – ზაგიტოვამ საიტამაში ოქრო აიღო, ხოლო ელიზაბეთ ტურსინბაევამ კი ვერცხლი. მედვედევა კვლავ ბრინჯაოს დაეუფლა.