ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან, ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცელდა. ამასთან, მედიის ცნობით, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. ვრცელდება ასევე ცნობა ორი დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა დაადასტურა.