ესტონეთი პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. ერთი კვირის წინ ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა დატოვა, ასევე სახეზეა დავა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი საპარლამენტო არჩევნების შედეგებია, რისი დამსახურებითაც ესტონეთის მთავრობაში ულტრამემარჯვენეები მოხვდნენ. ესტონეთის „კონსერვატიული სახალხო პარტიას“ მინისტრთა კაბინეტში ხუთი პორტფელი ერგო. ამ პარტიის ლიდერები ევროკავშირის წინააღმდეგ ღიად გამოდიოდნენ, აკრიტიკებდნენ ლიბერალურ მიდგომას მიგრაციის მიმართ, ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. რა არის ესტონეთში ულტრამემარჯვენე პარტიის პოპულარობის მიზეზი და ხომ არ შეცვლის ახალი მთავრობა საგარეო კურსს, ამ თემებზე ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარ ანა ტიიდოს ვესაუბრეთ.
რამ გამოიწვია ესტონეთის არჩევნების შედეგები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესტონეთი შეუერთდა ე.წ. ულტრამემარჯვენეთა კლუბს, რომელიც ევროკავშირის შიგნით ჩამოყალიბდა?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტენდენცია არა მხოლოდ ესტონეთში, არამედ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ფართოდ არის გავრცელებული. მანამდე ესტონეთს უფრო ლიბერალური მთავრობა ჰყავდა. თუმცა, ახლა ვხედავთ, რომ ამ ტენდენციებმა მოაღწიეს ესტონეთამდეც. არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ „ესტონეთის კონსერვატიულ სახალხო პარტიას“ მხარი ამომრჩეველ თა 19-მა პროცენტმა დაუჭირა. ეს შედეგიც და ის, რომ ულტრამემარჯვენეები მთავრობაში არიან, ცენტრისტული პარტიის დამსახურებაა, რომელიც მათთან მოლაპარაკებებს დათანხმდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შედეგები ასახავს იმ საერთო ტენდენციას, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია. მაგალითად, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია. საინტერესოა, რომ ასეთ პარტიებს ხშირად პოპულისტურად მოიხსენიებენ, რაც, ჩემი აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პოპულარობა ყველა პოლიტიკოსს სურს. არჩევნების შედეგები უფრო მეტად მმართველი წრეების წინააღმდეგ ამომრჩევლის უკმაყოფილებამ გამოიწვია.
გასულ კვირას ჩვენ ვიხილეთ სკანდალი, როდესაც ულტრამემარჯვენე პარტიის ერთ-ერთი მინისტრი გადადგა. როგორ ფიქრობთ, შექმნილ მდგომარეობაში, როდესაც ულტრამემარჯვენეები მთავრობაში არიან, ხომ არ არის მოსალოდნელი კრიზისი?
მოგეხსენებათ, ესტონეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრემიერ-მინისტრს მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე პრეზიდენტს. თუმცა, პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ფიგურაა. მას ხალხი პატივს სცემს და უსმენს. სკანდალი და დავა იყო პრეზიდენტსა და ახალ მთავრობას შორის. ერთ-ერთ მინისტრს ბრალი ოჯახში ძალადობაში დასდეს. მედიის მიერ გავრცელებული რეპორტაჟის საფუძველზე, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პრეზიდენტის რეაქცია ძალიან მწვავე იყო, მან დატოვა დარბაზი, როდესაც აღნიშნული მინისტრი ფიცს დებდა. ამას მოჰყვა ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის პასუხი, რომელმაც პრეზიდენტს ემოციურად გაუწონასწორებელი უწოდა. ჩემი აზრით, ეს დავა ესტონეთის საზოგადოებისთვის ცუდის მომტანი იქნება. შესაძლოა ამან გავლენა მოახდინოს მთავრობის მუშაობაზე, ასევე ნეგატიურად აისახება ესტონეთის იმიჯზე საზღვარგარეთ.
ესტონეთი პატარა ქვეყანაა, ისევე როგორც საქართველო და ჩვენ გვყავს საერთო მეზობელი რუსეთი. ესტონეთი ყოველთვის კრიტიკული იყო აგრესიული რუსეთის მიმართ. როგორ ფიქრობთ, ახალი მთავრობის პირობებში ხომ არ შეიცვლება ეს კურსი?
საინტერესოა, რომ ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიები, როგორც წესი, პრორუსული პოლიტიკით გამოირჩევიან, მაგრამ არის გამონაკლისები, მათ შორის პოლონეთის მმართველი პარტია, ასევე ესტონეთის სამთავრობო კოალიციაში შემავალი კონსერვატიული სახალხო პარტიაც, რომელსაც მკვეთრად ანტირუსული კურსი აქვს. ასე რომ, ესტონეთში სიტუაცია განსხვავებულია. მართალია, პოლონეთსა და ესტონეთშიც, ეს პარტიები იზიარებენ კონსერვატიულ ღირებულებებს და მათი ხედვა ხშირად პუტინის რეჟიმის ხედვას ჰგავს. ამიტომ ექსპერტების ნაწილი შიშობდა, რომ ესტონეთის ულტრამემარჯვენე პარტია რუსეთის მიმართ კრიტიკას თუ შეარბილებს, მაშინ ისინი რუსეთის მიმართ უფრო ლოიალურ პოლიტიკას გაატარებს. თუმცა ამავე დროს ასეთ შემთხვევაში კონსერვატიული სახალხო პარტია დაკარგავს ამომრჩეველს. ახლა ისინი ცენტრისტულ პარტიასთან კოალიციაში არიან, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, მაგალითად, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას. ხაზგასასმელია, პრეზიდენტ კალულაიდის ვიზიტი რუსეთში, რომელიც კრემლში პუტინს შეხვდა. მიუხედავად ამისა, რუსეთთან საზღვრის საკითხი კოლიციური მთავრობის შეთანხმებაში არ მოხვდა, ამიტომ მომავლის პროგნოზირება რთულია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა იგივე დარჩება.
როგორც ესტონური მედია წერს, კოალიციურ შეთანხმებაში მოხსენიებულია უკრაინა, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის საქართველო…
ეს ძალიან ზოგადი დოკუმენტია. რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ესტონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არის თუ არა ამ დოკუმენტში მოხსენიებული საქართველო, ვერ გეტყვით, მაგრამ რომც არ იყოს, არ მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება. ეს ძალიან ზოგადი შეთანხმებაა, რომელიც უფრო მეტად შიდა საქმეებზე იყო ორიენტირებული. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ულტრამემარჯვენე პარტია ზოგადად ძალიან ევროსკეპტიკური იყო, მაგრამ კოალიციურ შეთანხმებაში წერია, რომ ესტონეთი ნატოს და ევროკავშირის წევრად რჩება. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოების კავშირად და არ გადაიქცეს ფედერაციად.
თქვენ ახსენეთ შიდა საკითხები, მაინც რა იყო ის მთავარი თემები, რომლითაც ულტრამემარჯვენე პარტიამ ესტონეთში წარმატებას მიაღწია?
კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერი ხშირად ახსენებს ე.წ. სახელმწიფოს სახელმწიფოს შიგნით. ეს არის კონსპირაციული თეორია, თითქოს ბიუროკრატები და სახელმწიფო მოხელეები ულრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამოდიან და შესაბამისად, ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. ეს კონსპირაციაა, რომლითაც ეს პარტია მოქალაქეების გრძნობებზე თამაშობს. კონსპირაციის ნაწილია იმის მტკიცება, რომ დედაქალაქში პოლიტიკოსები აღარ აქცევენ ყურადღებას და არ ითვალისწინებენ რეგიონების მცხოვრებლების მოსაზრებებს. ამიტომ კოალიციურ შეთანხმებაში კონსერვატიული სახალხო პარტია მეტი პირდაპირი დემოკრატიის ინიციატივით გამოვიდა – ეს ნიშნავს ხალხის იდეების გაზიარებას და რეფერენდუმების გამართვას, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო პარტნიორობის აქტი. მათ ამ აქტის გაუქმება არ შეუძლიათ, მაგრამ შეუძლიათ ქორწინებად მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირის აღიარების საკითხი რეფერენდუმზე გამოიტანონ.
თუ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, პრესის თავისუფლება დემოკრატიისთვის გადამწყვეტია, ამ ფონზე რამდენიმე დღის წინ ესტონეთის საზოგადოებრივი რადიოდან დაითხოვეს ჟურნალისტი და არსებობს ეჭვი, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა…
პრესის თავისუფლების ინდექსში ესტონეთი დღეს ერთ-ერთი ლიდერია. ის მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზეა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ბოლო კვლევის მიხედვით, ესტონეთი არის ერთ-ერთი მოწინავე და მედიას დიდი ნდობა აქვს. ესტონეთში ყველაზე მეტად რადიოს ენდობიან. რაც შეეხება თქვენს კითხვას, საქმე ეხება ორი ჟურნალისტის გათავისუფლებას. ჯერ არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ ამას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. ერთ შემთხვევაში მაუწყებელი მიუთითებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მისი შოუს რეიტინგის დაცემის გამო გადაწყდა. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი რამ ცხადია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყო დამოუკიდებელი.