ესპანური გამოცემა - მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ფინალში გასვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ფინალში გასვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა #1TVSPORT

პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს – „ვალენსიამ“ „ბილბაო“ დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი ესპანეთში გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ საუკეთესო შეფასება მიიღო საერთაშორისო ვებ-გვერდებისგან ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში, სადაც „ვალენსიამ“ ბილბაოს „ატლეტიკი“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა – გიორგი მამარდაშვილი ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომლის საიმედო თამაშითაც გუნდმა კარი უგოლოდ შეინახა.

სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო სპორტულმა პორტალმა „სოფასქორმა“ გიორგის თამაში 7,1 ქულით შეაფასა (გამარჯვებულებში უკეთესი ქულა მხოლოდ კარლოს სოლერს ეწერა – 7,3), ხოლო რეგიონალური გამოცემა lasprovincias-ის მიმომხილველი წერს, რომ ქართველი კიპერის თამაშმა „ვალენსიას“ მოგებაში საკვანძო როლი ითამაშა.

„არის მომენტები, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს თამაშის მიმდინარეობა. არიან მეკარეები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი გუნდი შესაფერის მომენტში გადაარჩინონ. ეს ოთხშაბათს „მესტალიაზე“ მამარდაშვილმა გააკეთა – გიგანტი „ვალენსიას“ კარში, რომლის ორმა სეივმა საშუალება მისცა ბორდალასის გუნდს შეენარჩუნებინა ანგარიში 0:0 და „ატლეტიკის“ შეტევისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ქართველი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მისი თამაში აჩვენებს, რომ „ვალენსიასთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება“, – წერს გამოცემა.

lasprovincias-ის მიმომხილველი იმ ორ ეპიზოდს იხსენებს, რომელმაც „ვალენსიას“ სიმშვიდე შესძინა.

„მამარდაშვილმა გუნდის ფინალში გასვლაში გადამწყვეტი როლი ორი დარტყმის მოგერიებით ითამაშა. მე-20 წუთი იყო და არეული თამაშის შემდეგ ბურთი საჯარიმოში მუნიაინს მიუგორდა. „ატლეტიკის“ ფეხბურთელმა კართან ახლოს ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარის რეაქცია შეუდარებელი იყო. მან ბურთი კუთხურზე ოსტატურად და უსაფრთხოდ მოიგერია. ამ დროს თამაშგარე დააფიქსირეს, მაგრამ სატელევიზიო კადრებმა აჩვენა, რომ ეს იყო ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება. რომელიც ბურთის გასვლის შემთხვევაში, VAR-ზე გადამოწმდებოდა. „ვალენსიას“ ყველაზე მეტად პირველი ტაიმის შუა ნაწილიდან გაუჭირდა. „ატლეტიკმა“ შეუტია – ერთ-ერთ ეპიზოდში ბასკებმა მეორე შესანიშნავი მომენტი მიიღეს. ინიაკი უილიამსი კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ დროულად არ დაარტყა, მამარდაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, წინ გადაეღობა, „ატლეტიკის“ ფორვარდის დარტყმა შეაჩერა და „ვალენსია“ გადაარჩინა. „მესტალიამ“ ამ დროს ამოისუნთქა“.

გამოცემა ვარაუდობს, რომ ფინალს ქართველი მეკარე ითამაშებს.

„მეორე ტაიმში მას აღარ დასჭირვებია ჩარევა, გარდა ინიგო მარტინესის საჯარიმო დარტყმისა, რომელიც დაბლოკა. თამაში დამთავრდა და ფინალში გასვლა ეიფორიით იზეიმა. მამარდაშვილმა იცის, რომ თუ რაიმე ხელს არ შეუშლის, კოპა დელ რეის ფინალში „ვალენსიას“ კარში ის იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი პირველი ქართველია, ვისაც აქვს შანსი, ესპანეთის თასის ფინალში ითამაშოს. „ვალენსია“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „რაიო ვალეკანოსა“ და „ბეტისს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი შეხვედრა „ბეტისმა“ გასვლაზე 2:1 მოიგო, განმეორებით მატჩში კი მეტოქეს საკუთარ სტადიონზე მიიღებს.