პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს – მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ბილბაო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

10:02, 03.03.2022

გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი მოთამაშეა, რომელსაც ესპანეთის თასის ფინალში თამაშის შანსი აქვს – საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში, რომელშიც ქართველის გუნდი ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა.

გიორგიმ ესპანეთში გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო და რაც მთავარია, დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა. „ვალენსიამ” ბასკურ გუნდს „მესტალიაზე“ უმასპინძლა. ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი რაუნდი ბილბაოში ფრედ 1:1 დასრულდა. მთავარი მეკარის, იესპერ სილესენის არყოფნაში „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი გიორგი მამარდაშვილს ენდობა და ქართველი მეკარეც უფრო და უფრო თავდაჯერებული თამაშობს. ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

https://www.youtube.com/watch?v=JEE2fOlOhMY

გიორგიმ პირველ ტაიმში ორჯერ შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გადაარჩინა. 21-ე წუთზე იკერ მუნიაინს ძალიან ძლიერი დარტყმა აუღო – მართალია, არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ ამ მომენტმა გიორგის თავდაჯერებულობა შემატა და შემდეგაც საიმედოდ გამოიყურებოდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა 41-ე წუთზე „ვალენსია“ აშკარა გოლისგან იხსნა, როდესაც ინიაკი უილიამსი მცველს გაცდა და ქართველ კიპერთან პირისპირ დარჩა – მამარდაშვილი ფეხებში ჩაუწვა და არ გაატანინა. 44-ე წუთზე გონსალო გედეშმა ულამაზესი დარტყმით „ვალენსია“ წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე მამარდაშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო საქმეში – მიკელ ვესგამ სახიფათო პოზიციიდან საჯარიმო შეასრულა. თუმცა, გიორგი მამარდაშვილმა პოზიცია კარგად შეარჩია, ძლიერად დარტყმული ბურთი ხელში აიღო და კარი საიმედოდ დაიცვა.

საბოლოოდ „ვალენსიამ“ მატჩი 1:0 მოიგო, ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვა (1:1, 1:0) და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც „რაიო ვალეკანოსა“ და „ბეტისს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი შეხვედრა მეორე წყვილში 10 თებერვალს „ბეტისმა“ გასვლაზე 2:1 მოიგო, განმეორებით მატჩში მეტოქეს საკუთარ სტადიონზე მიიღებს და დიდი შანსი აქვს, რომ ფინალში „ვალენსიას“ დაუპირისპირდეს. მამარდაშვილი კი პირველი ქართველია, ვისაც აქვს შანსი, ესპანეთის თასის ფინალში ითამაშოს.

მსგავსი